Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1თუ ქურდს ხვრელის თხრისას წაასწრეს და ისე სცემეს, რომ მოკვდა, სისხლი არ მოიკითხება.
2თუ ეს ამბავი მზისით მოხდა, სისხლი მოეკითხება მას. მპარავმა უნდა ზღოს. თუ არაფერი აქვს, ქურდობის გამო უნდა გაყიდონ იგი.
3თუ ხელზე ცოცხლად უპოვნიან ნაქურდალს, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, ორმაგად უნდა ზღოს.
4თუ ვინმე მიუშვებს თავის პირუტყვს და სხვის ყანას ან ვენახს გადააძოვინებს, საკუთარი ყანიდან და საკუთარი ვენახიდან საუკეთესო ნაყოფით უნდა ზღოს.
5თუ ცეცხლი გაჩნდება, ძეძვს მოედება, ზვინს ან პურის ყანას ან მინდორს გადაწვავს, ხანძრის გამჩენელმა უნდა ზღოს.
6თუ ვინმე თვისტომს ვერცხლს ან რაიმე ნივთს შესანახად მიაბარებს და ამ კაცის სახლიდან მოიპარავენ, ქურდმა, თუ იპოვეს, ორმაგად უნდა ზღოს.
7თუ ქურდი ვერ იპოვეს, სახლის პატრონი ღვთის სამსჯავროზე უნდა წარდგეს და დაიფიცოს რომ ხელი არ უხლია თავისი თვისტომის ქონებისთვის.
8ყოველგვარ დანაშაულზე, ხარის საქმე იქნება ეს, სახედრის, ცხვრის თუ ტანისამოსის, ყოველ დაკარგულ ნივთზე, რომელზეც ითქმის ვინმეს მიერ, ჩემი არისო, ამ ორის საქმე ღვთის სამსჯავრომდე უნდა მივიდეს და ვისაც ღვთის სამსჯავრო გაამტყუნებს, მან ორმაგად უნდა უზღოს თვისტომს.
9თუ ვინმე თვისტომს შესანახად მიაბარებს ვირს, ხარს, ცხვარს ან სხვა პირუტყვს, სიკვდილის ან დამტვრევის შემთხვევაში, თუ მოწმე არ არის,
10უფლის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია თვისტომის საქონელისთვის. პატრონი ფიცს მიიღებს და არაფერს ზღავს.
11თუ მოჰპარეს, უნდა უზღოს მის პატრონს.
12თუ მხეცმა დაგლიჯა, უნდა დაამტკიცოს და ნამხეცავ პირუტყვს არ ზღავს.
13თუ ვინმე თვისტომისგან პირუტყვს ინათხოვრებს და დაუსახიჩრდება ან მოუკვდება, თუ პატრონი იქ არ იყო, უნდა ზღოს.
14თუ პატრონი იქ იყო, არ უნდა ზღოს; თუ ქირის კაცია, ქირიდან გამოექვითება.
15თუ ვინმე დაუნიშნავ ქალწულს შეაცდენს და დაწვება მასთან, ურვადი უნდა გადაიხადოს მისთვის, რომ ცოლად ჰყავდეს.
16თუ ქალის მამა წინააღმდეგი შეიქნა და არ მიათხოვა, საქალწულო ურვადის საფასური ვერცხლი უნდა გადაიხადოს.
17ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.
18პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
19ვინც უფლის გარდა სხვა ღმერთებს სწირავს მსხვერპლს, უნდა მოიკვეთოს.
20მდგმურს ნუ შეავიწროვებ, ნუ დაჩაგრავ, რადგან თქვენც მდგმურები იყავით ეგვიპტელთა ქვეყანაში.
21ქვრივსა და ობოლს ნუ დაჩაგრავ.
22თუ დაჩაგრავ, მე შემომჩივლებენ და შევისმენ მათ ჩივილს.
23რისხვით ავინთები და მახვილით მოგსრავთ; ცოლები დაგიქვრივდებათ და შვილები დაგიობლდებათ.
24თუ ვინმეს, ჩემ ერისაგანს, ღარიბ-ღატაკს, ვერცხლს ასესხებ, მევახშესავით ნუ მოექცევი, სარგებელს ნუ დაუწესებ.
25თუ შენი თვისტომისგან ტანსაცმელს დაიგირავებ, მზის ჩასვლამდე დაუბრუნე.
26რადგან იგი მისი ერთადერთი საფარველია, მისი ხორცის შესამოსელია; რაში გამოეხვიოს ძილის დროს? როცა შემომჩივლებს, შევისმენ, რადგან გულმოწყალე ვარ.
27ღვთის მსაჯულებს ნუ შეურაცხყოფ და თავკაცს შენს ხალხში ნუ დასწყევლი.
28პირველი თაველი და პირველდაწურული არ დამიგვიანო; შენს შვილებში პირმშო მე უნდა მომცე.
29ასევე ძროხისა და ცხვრის პირველმოგებულიც; შვიდ დღეს დედასთან იყოს, მერვე დღეს მე უნდა მომცე.
30წმიდა ერი უნდა იყოთ ჩემთვის; ველზე დაგდებული ნამხეცავი არ ჭამოთ, ძაღლებს გადაუგდეთ.
Next