თავი - 21
Previous1აჰა, კანონები, რომლებიც უნდა დაუდგინო მათ:
2თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს.
3თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს.
4თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს.
5თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო,
6მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.
7თუ კაცი ვინმე მხევლად გაყიდის თავის ქალიშვილს, ყმასავით არ უნდა წავიდეს იგი.
8თუ თვალში არ მოუვიდა პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, თავი მაინც გამოასყიდვინოს; უფლება არა აქვს, უცხოს მიჰყიდოს, რადგან პირი უშალა.
9თუ თავის ვაჟიშვილზე დანიშნავს, როგორც ქალიშვილს, ისე უნდა მოექცეს.
10თუ სხვა ქალს შერთავს მას, საკვების, სამოსელის და სარეცელის უფლება არ უნდა წაერთვას.
11თუ ამ სამი რამით არ უზრუნველჰყო, ქალს შეუძლია გამოსასყიდის გარეშე წავიდეს.
12თუ კაცმა ცემით მოკლა კაცი, თავადაც უნდა მოკვდეს.
13თუ განზრახვა არ ჰქონია და ღმერთმა შეამთხვია, მე დავუნიშნავ ადგილს, სადაც უნდა შეაფაროს თავი.
14თუ კაცს თვისტომის ჯავრი სჭირდა და მზაკვრულად მოკლა იგი, ჩემი სამსხვერპლოდან წაიყვანე მოსაკლავად.
15ვინც ხელს შემოჰკრავს თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
16ვინც კაცს მოიპარავს და გაყიდის, ან მის ხელში აღმოჩნდება, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
17ვინც დასწყევლის თავის მამას და დედას, სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
18თუ კაცები ერთმანეთს წაეკიდნენ, ერთმა მეორეს ქვა ან მუშტი დაჰკრა, კაცი გადარჩა, მაგრამ ლოგინად ჩავარდა,
19მერე თუ ფეხზე წამოდგა და ჯოხით გარეთ სიარული შეძლო, მისი მცემელი არ დაისჯება; მხოლოდ გაცდენილ დროს აუნაზღაურებს და უმკურნალებს.
20თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს.
21ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.
22თუ კაცები ერთმანეთთან ჩხუბის დროს ორსულ ქალს დაჰკრავენ ხელს და მუცელს მოუწყვეტენ, მაგრამ უბედური შემთხვევა არ იქნება, ჯარიმა გადახდებათ, რამდენსაც ქალის ქმარი დაუნიშნავს და მსაჯულები დაადგენენ.
23თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ.
24თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.
25დამწვრობა დამწვრობის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ, ნატკენი ნატკენის წილ.
26თუ კაცი თვის ყმას ან მხევალს თვალში ჩაარტყამს და გაუფუჭებს, თვალის წილ უნდა გაათავისუფლოს.
27თუ ყმას ან მხევალს კბილს ჩაუმტვრევს, კბილის წილ უნდა გაათავისუფლოს.
28თუ ხარი კაცს ან ქალს ურქენს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს; მისი ხორცი არ იჭმება; ხარის პატრონი უბრალოა.
29თუ ხარი გუშინ და გუშინწინაც მორქენალი იყო და პატრონიც გაფრთხილებული ჰყავდათ, მაგრამ არ დააბა და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს.
30თუ გამოსასყიდს დაუწესებენ, გადაიხადოს სიცოცხლის გამოსასყიდად, რასაც დაუწესებენ.
31თუ ვაჟიშვილს ურქენს, ან ქალიშვილს ურქენს, ამ კანონის მიხედვით მოექცნენ.
32თუ ყმას ურქენს ხარი ან მხევალს, ოცდაათი შეკელი ვერცხლი გადაუხადოს მათ პატრონს, ხარი კი ჩაქოლონ.
33თუ კაცი ვინმე თავს ახდის ორმოს ან თუ ამოიღებს ორმოს და არ გადახურავს და შიგ ხარი ან ვირი ჩავარდება,
34ორმოს პატრონმა ვერცხლით უნდა აუნაზღაუროს საქონლის პატრონს; მკვდარი პირუტყვი კი მას დარჩება.
35თუ ვინმეს ხარი მეზობლის ხარს ურქენს და მოკლავს, გაყიდონ ცოცხალი ხარი და მისი ფასი თანასწორად გაინაწილონ; მოკლულიც თანასწორად გაინაწილონ.
36თუ ხარი ადრეც მორქენალი იყო და პატრონს დაბმული არ ჰყავდა, ხარის წილ ხარი უნდა უზღოს; მევდარი კი მას დარჩეს.
37თუ ვინმე ხარს ან ცხვარს მოიპარავს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის წილ ხუთი ხარი და ცხვრის წილ ოთხი ცხვარი უნდა ზღოს.
Next