Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1ადგენენ ელიაშიბ მღვდელმთავარი და მისი ძმები - მღვდლები და ცხვრის კარიბჭე აღადგინეს. განათლეს იგი, ჩაუყენეს კარები და განათლეს მეას კოშკამდე და ხანანელის გოდლამდე.
2მის გვერდით ერთ მხარეს იეროხონელები აშენებდნენ, მეორე მხარეს ზაქურ იმრის ძე აშენებდა.
3თევზთა კარიბჭეს ჰასენაას ძენი აშენებდნენ; გადახურეს იგი, კარი ჩაუყენეს, და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.
4მათ გვერდით კედელს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ძისა ჰაკოცისა, მის გვერდით ამაგრებდა მეშულამი, ძე ბერექიასი, ძისა მეშეზაბელისა, მის გვერდით ამაგრებდა ცადოკ ბაყანას ძე;
5მის გვერდით თეკოაყელნი ამაგრებდნენ; მათი დიდებულები კი ქედს არ ხრიდნენ, რომ თავიანთი უფლისათვის ეშრომათ.
6ძველ კარიბჭეს იოიადაყ ფასეახის ძე და მეშეღამ ბესოდიას ძე ამაგრებდნენ; მათ გადახურეს იგი, კარები ჩაუყენეს და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს.
7მათ გვერდით მელატია გიბყონელი და იადონე მეროთელი, გიბყონისა და მიცფას მკვიდრები, ამაგრებდნენ მდინარისგაღმელი მთავრის ტახტამდე.
8მის გვერდით ამაგრებდა ყუზიელ ხარჰაიას ძე - ოქრომჭედელი. მის გვერდით ამაგრებდა ხანანია ჰარაკახიმის ძე. აღადგინეს იერუსალიმი ფართო კედლამდე.
9მათ გვერდით ამაგრებდა რეფაია ხურის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი.
10მათ გვერდით და თავისი სახლის წინ იედაია ხარუმაფის ძე ამაგრებდა. მის გვერდით ამაგრებდა ხაცუშ საშაბნეიას ძე.
11მეორე მხარეს ამაგრებდნენ მალქია ხარიმის ძე და ხაშუბ ფახად-მოაბის ძე; მათვე გაამაგრეს ღუმელთა გოდოლი.
12მის გვერდით ამაგრებდა შალუმ ჰალოხეშის ძე, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავარი, თავის ასულებთან ერთად.
13ხევის კარიბჭეს ამაგრებდნენ ხანუხი და ზანოახის მკვიდრები. მათ ააშენეს იგი, ჩაუყენეს კარები და ბოქლომ-ურდული გაუკეთეს. მათვე გაამაგრეს ათასი წყრთა კედელი სანაგვის კარიბჭემდე.
14თვით სანაგვის კარიბჭეს კი ამაგრებდა მალქია რექაბის ძე, ბეთ-ჰაქერემის ოლქის მთავარი; მან ააშენა, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა.
15წყაროს კარიბჭეს ამაგრებდა შალუმ ქოლ-ხოზეას ძე, მიცფას ოლქის მთავარი. ააშგნა მან, გადახურა იგი, ჩაუყენა კარი და თავისი ბოქლომ-ურდული გაუკეთა. მანვე ააშენა მეფის ბაღის წინ სილოამის ტბორის კედელი, დავითის ქალაქიდან ჩასასვლელ კიბეებამდე.
16მის იქით ამაგრებდა ნეემია ყაზბუკის ძე, ბეთ-ცურის ნახევარი ოლქის მთავარი, დავითის სამარხის მოპირდაპირე მხარემდე, ხელოვნურ ტბორამდე და გმირთა სახლამდე.
17მის იქით ამაგრებდნენ ლევიანები: რეხუმ ბანის ძე; მის გვერდით თავისი ოლქის სახელით ამაგრებდა ხაშაბია, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი,
18მის იქით ამაგრებდნენ მათი ძმები: ბავაი ხენადადის ძე, კეყილას ნახევარი ოლქის მთავარი.
19მის გვერდით ყეზერ იეშუაყის ძე, მიცფას მთავარი, ამაგრებდა მეორე მხარეს, საჯაბადროს ასასვლელის პირდაპირ, კუთხესთან.
20მის იქით თავგამოდებით ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ მღვდელმთავრის სახლის კარამდე.
21მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდა მერემოთი, ძე ურიასი, ჰაკოცის ძისა, ელიაშიბის სახლის კარიდან ელიაშიბის სახლის ბოლომდე.
22მის იქით იერუსალიმის სანახებში მცხოვრები მღვდლები ამაგრებდნენ.
23მათ იქით თავიანთი სახლის წინ ამაგრებდნენ ბენიამინი და ხაშუბი. მათ იქით თავისი სახლის ახლოს ამაგრებდა ყაზარია მაყასეიას ძე, ყანანიას ძე.
24მის იქით მეორე მხარეს ბინუი ხედადის ძე ამაგრებდა ყაზართას სახლიდან კუთხემდე და მოსახვევამდე.
25მის იქით ფალალ უზაის ძე ამაგრებდა კუთხისა და იმ გოდლის მოპირდაპირე მხარეს, რომელიც მეფის ზემო სახლიდან გამოდის და სატუსაღოს ეზოს ემიჯნება. მას იქით ფედაია ფარყოშის ძე ამაგრებდა.
26შეწირულებმა კი სოფელში რომ ცხოვრობდნენ, გაამაგრეს წყლის კარიბჭის მოპირდაპირე მხარემდე, აღმოსავლეთისკენ და გამოშვერილ გოდლამდე.
27მათ იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ თეკოაყელები დიდი გამოშვერილი გოდლის საპირისპირო მხრიდან ყოფელის კედლამდე.
28ცხენების კარიბჭის ზემოთ მღვდლები ამაგრებდნენ, თითოეული თაეისი სახლის წინ.
29მათ იქით თავისი სახლის წინ ამაგრებდა ცადოკ იმერის ძე. მის იქით ამაგრებდა შემაია შექანიას ძე, აღმოსავლეთის კარიბჭის მცველი.
30მის იქით მეორე მხარეს ამაგრებდნენ ხანანია შედემიას ძე და ხანუნი, ცალაფის მეექვსე ვაჟი. მის იქით თავისი ოთახის წინ ამაგრებდა მეშელამ ბერექიას ძე.
31მის იქით ამაგრებდა მალქია ჰაცორფის ძე, ნეთინელთა და ვაჭართა სახლამდე, ჰამიფკადის მოპირდაპირე მხრეს და კუთხის ოთახამდე.
32კუთხის ოთახსა და ცხვრის კარიბჭეს შორის ამაგრებდნენ ოქრომჭედლები და ვაჭრები.
33როცა სინბალატმა შეიტყო, რომ ჩვენ კედელს ვაშენებთ, გაცხარდა, ბევრი იჯავრა და მასხრად აიგდო იუდაელები.
34თავისი მოძმეებისა და სამარიელი მეომრების წინაშე ამბობდა: ამას რას აკეთებენ ეს ბეჩავი იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოამთავრებენ? ნუთუ ქვები გაცოცხლდებიან გადაბუგული ფერფლის გროვებიდან?
35ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს.
36ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან განკიცხულნი შევიქმენით, მათი შეურაცხყოფა მათვე დაათიე და საძარცვად მიეცი ისინი თავიანთი ტყვეობის ქვეყანაში.
37ნუ დაფარავ მათ უკეთურებას და ნუ წარიხოცება მათი ცოდვა შენს წინაშე, რადგან მათ მშენებელნი გაანაწყენეს.
38ვაშენებდით კედელს და მთელი კედელი შეიკრა სანახევროდ. ხალხს კიდევ უწევდა გული სამუშაოდ.
Next