Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.
2ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.
3მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.
4თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.
5ჩვენი მტრები ამბობდნენ: ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, მუსრს გავავლებთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ.
6მაშინ მოდიოდნენ მათ ირგვლივ მცხოვრები იუდაელები და ათგზის გვიმეორებდნენ ყველა მხრიდან: იქნებ დაბრუნდეთო ჩვენთან.
7დაბლობ ადგილებში, კედლის გარეთ და უწყლო ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოებისდა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
8შევხედე, წამოვდექი და დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს მივმართე: ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის.
9როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.
10იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.
11კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
12თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.
13ვუთხარი დიდებულებს, თავკაცებს და სხვა ხალხს: დიდი და ვრცელი სამუშაო გვაქვს, ჩვენ კი კედელზე ვართ გაფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
14ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენს მაგივრად.
15ასე ვაკეთებდით საქმეს. მათ ნახევარს განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.
16ამავე დროს ხალხს ვუთხარი, რომ ყველას თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ეთიათ ღამე, რომ ღამით ჩვენთან ეყარაულათ, დღისით კი ემუშავათ.
17არც მე, არც ჩემი ძმები, არც ჩემი ბიჭები, არც ჩემი მცველები, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით, წყალზეც კი იარაღასხმული მივდიოდით.
Next