თავი - 2
Previous1ნისანის თვეში, ართახშასთა მეფის მეოცე წელს, ღვინო იდგა მის წინ; ავიღე ეს ღვინო და მეფეს მივართვი; რაკი მწუხარე არასოდეს ვყოფილვარ მის წინაშე,
2მეფემ მითხრა: რატომ გაქვს მწუხარე სახე? ავად არა ხარ. ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის მწუხარებაო. ძალზე შევშინდი.
3ვუთხარი მეფეს: საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?
4მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
5და ვუთხარი მეფეს: თუ მეფე თანახმაა და თუ შენმა მორჩილმა მადლი ვპოვე შენს წინაშე, გამიშვი იუდაში, იმ ქალაქში, სადაც მამა-პაპის საფლავები მეგულება, და ავაშენებ მას.
6მითხრა მეფემ, რომელსაც დედოფალიც გვერდში ეჯდა: რამდენ ხანს იქნები წასული და როდის დაბრუნდები? მეფემ ინება ჩემი გაშვება და მეც ვადა დავუთქვი.
7ვუთხარი მეფეს: თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ მთავრებთან, რათა მათ მეგზურები გამაყოლონ, ვიდრე იუდამდე მივიდოდე.
8ერთი წერილი ასაფთან გამატანოს, სამეფო ტყის მცველთან, რათა მომცეს ხე-ტყე ციხე-სიმაგრის კარიბჭეთა ასაფიცრად, ასევე ტაძრისათვის, ქალაქის კედლისათვის და იმ სახლისათვის, რომელშიც მე ვიცხოვრებ. მიბოძა მეფემ, რადგან ღვთის მოწყალე ხელი იყო ჩემზე.
9მივედი მდინარისგაღმელ მთავრებთან და მეფის წერილები გადავეცი. მეფემ თან მხედართმთავრები და მხედრები გამომაყოლა.
10გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა და ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა, და დიდად ეწყინათ, რომ ისრაელიანთათვის სიკეთისმყოფელი კაცი მოვიდა.
11ავედი იერუსალიმში და სამი დღე დავრჩი იქ.
12ღამით ავდექი რამდენიმე კაცთან ერთად, ისე რომ კაციშვილისთვის არ მითქვამს, თუ რისი გაკეთება ჩამიდო გულში ჩემმა ღმერთმა იერუსალიმისთვის; არავითარი პირუტყვი თან არ მყოლია, გარდა იმ პირუტყვისა, რომელზეც თავად ვიყავი ამხედრებული.
13ღამიანად გამოვედი ხევის კარიბჭით, გავემართე ვეშაპის წყაროსკენ და სანაგვის კარიბჭისკენ. დავათვალიერე იერუსალიმის დანგრეული კედლები და მისი ცეცხლში დამწვარი კარიბჭეები.
14მივედი წყაროს კარიბჭესთან და მეფის ტბორთან. მაგრამ იქ ადგილი არ იყო, რომ იმ პირუტყვს გაეარა, რომელზეც ამხედრებული ვიყავი.
15ღამით ავუყევი ხევს, დავათვალიერე კედელი, მერე უკან გამოვბრუნდი, წამოვედი ხეობის კარიბჭით და დავბრუნდი.
16მოხელეებმა არ იცოდნენ სად დავდიოდი და რას ვაკეთებდი. არც იუდაელებს, არც მღვდლებს, არც დიდებულებს, არც მოხელეებს, არც საქმის მკეთებლებს ჯერ არაფერს არ ვუმხელდი.
17ვუთხარი მათ: ხომ ხედავთ რა უბედურ დღეში ვართ, როგორ არის გაპარტახებული იერუსალიმი და როგორ არის მისი კარიბჭეები ცეცხლში გადაბუგული. წავიდეთ და ავაშენოთ იერუსალიმის კედელი, და ნუღარ ვიქნებით შერცხვენილნი.
18ვუთხარი ჩემი ღმერთის ხელზე, სასიკეთო რომ იყო ჩემთვის, და მეფის სიტყვებზე, რომ მითხრა. თქვეს: ავდგეთ და ავაშენოთ! და ხელი გაამტკიცეს სასიკეთოდ.
19გაიგეს ეს სანბალატ ხორონელმა, ტობიამ, ყამონელთა მორჩილმა და გეშემ არაბმა და დაცინვითა და ზიზღით ყურება დაგვიწყეს. ამბობდნენ: ამას რას სჩადით? მეფის წინააღმდეგ აღდგომა ხომ არ გინდათ?
20სიტყვა შევუბრუნე და ვუთხარი: ცათა ღმერთმა მოგვიმართა ხელი და ჩვენც, მისი მორჩილნი, ავდგებით და ავაშენებთ, თქვენ კი იერუსალიმში არა გაქვთ-მეთქი არც წილი, არც უფლება და არც სახსენებელი.
Next