Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1ნეემია ხაქალიას ძის სიტყვები. ქისლევის თვეში, მეოცე წელს, სატახტო ქალაქ შუშანში რომ ვიყავი,
2ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.
3მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
4ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
5ვეუბნებოდი: უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და მადლს უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამმარხველთ!
6დაე, შენი ყური სმენად იყოს და შენი თვალნი გახელილი იყოს, რათა შეიწყნარო შენი მორჩილის ლოცვა, ახლა დღედაღამე რომ შენს წინაშე ლოცულობს ისრაელიანთათვის - შენს მორჩილთათვის და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლებითაც შენ შეგცოდეს; მეც და ჩემმა მამისსახლმაც შევცოდეთ.
7ჩვენ მეტისმეტად დავაშავეთ შენს წინაშე, არ ვასრულებდით იმ მცნებებს, წესებსა და სამართალს, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე.
8მაგრამ გაიხსენე ის სიტყვა, შენს მორჩილს, მოსეს რომ უბრძანე და უთხარი, თუ შესცოდავთ, ხალხებში გაგაბნევთო;
9მაგრამ თუ მოიქცევით ჩემკენ, დაიმარხავთ ჩემს მცნებებს და შეასრულებთ მათ, ცის კიდემდე რომც იყოთ გაფანტულნი, იქიდან შეგკრებთ და მოგიყვანთ იმ ადგილას, რომელიც ჩემი სახელის დასავანებლად ამოვირჩიეო.
10ისინი ხომ შენი მორჩილნია და შენი ერია, შენი დიდი ძალითა და მაგარი ხელით რომ გამოისყიდე.
11გევედრები უფალო, დაე, შენი ყური სმენად იყოს შენი მორჩილის ლოცვისა და იმ შენ მორჩილთა ლოცვების მიმართ, შენი სახელისადმი მოწიწება რომ უყვართ. ახლა კი ხელი მოუმართე შენს მორჩილს და ამ კაცის წინაშე წყალობა აპოვნინე. მე მეფის ღვინისმწდე ვიყავი.
Next