Eleos

Contents

თავი - 9

Previous
1ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
2რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავისთვის და თავისი ვაჟიშვილებისთვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს. მთავარი ხელი ამ დანაშაულში თავკაცებისა და წინამძღოლებისაა.
3ამ ამბის გაგონებისას შემოვიგლიჯე სამოსელი და მოსასხამი, თმას და წვერს ვიგლეჯდი და დამწუხრებული ვიჯექი.
4თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
5ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
6ვთქვი: ღმერთო ჩემო! მრცხვენია და ვერ ვბედავ სახის აღმართვას, ღმერთო, შენს მიმართ, რადგან ჩვენი უზნეობანი თავზე გადაგვდის და ჩვენი დანაშაული ცას მიწვდა.
7ჩვენი მამა-პაპის დროიდან დღემდე დიდ დანაშაულში ვრთ. ჩვენს უზნეობათა გამო ჩავვარდით ჩვენ, ჩვენი მეფეები და ჩვენი მღვდლები, უცხო ქვეყნების მეფეთა ხელში. მახვილის ქვეშ და ტყვეობაში, გავხდით სათარეშოდ და სამასხარაოდ, როგორც დღესა ვართ.
8ახლა მაინც მოგვხედა სიბრალულით უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, რომ ეხსნა ჩვენი ნატამალი და დავემაგრებინეთ მისი სიწმიდის ადგილას, რომ გაენათებინა ჩვენი თვალები ჩვენს ღმერთს და ცოტათი მაინც გავეცოცხლებინეთ ჩვენს მონობაში.
9ჩვენ ხომ მონები ვართ, მაგრამ მონობაშიც არ მივუტოვებივართ ჩვენს ღმერთს: წყალობით მოახედა ჩვენსკენ სპარსთა მეფეები, რომ გავეცოცხლებინეთ, რომ აღგვემართა ჩვენი ღმერთის სახლი, აღგვედგინა ნანგრევებიდან და თავშესაფარი მოგვცემოდა იუდაში და იერუსალიმში.
10ახლა კი, რა უნდა ვთქვათ, ღმერთო, ამის შემდეგ, როცა დავივიწყეთ შენი მცნებები,
11შენს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა - ხელით რომ გვამცნე: ქვეყანა, რომლის დასამკვიდრებლად მიდიხართ, უწმიდურიაო იქ მცხოვრებთა უწმიდურობის და სიბილწეთა გამო, კიდით კიდემდე აქვთ ავსებულიო თავიანთი სიბინძურით.
12ამიტომ თქვენი ასულები არ გაატანოთო მათ ვაჟებს და თქვენი ვაჟებისთვისაც არ მოიყვანოთო მათი ასულები. ნუ ეძებთო მათთვის მშვიდობას და სიკეთეს, რომ მტკიცედ იყოთ და ჭამოთ ქვეყნის დოვლათი და სამრადისოდ დაუმკვიდროთო იგი თქვენს შთამომავლობას.
13და ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს დაგვატყდა ჩვენი ავი საქმეებისა და დიდი დანაშაულის გამო (თუმცა შენ, ღმერთო ჩვენო, დაგვინდე, მიუხედავად ჩვენი უკეთურებისა, და მოგვივლინე ხსნა),
14ნუთუ კვლავ გადავალთ შენს მცნებებს და დავუმოყვრდებით ამ ბილწ ხალხებს? ხომ მოგვსპობს შენი რისხვა, ისე რომ ჩვენი ნატამალიც არ დარჩება?
15უფალო, ღმერთო ისრაელისა! შენ სამართლიანი ხარ, რადგან გადარჩენილი ვართ ნატამალი დღესდღეობით. აჰა, შენს წინაშე ვართ ჩვენი ცოდვებითურთ და არ ძალგვიძს შენს წინაშე დგომა ამის გამო.
Next