Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1აჰა, მათ მამისსახლთა თავკაცნი და მათი საგვარტომო ნუსხა, ვინც ჩემთან ერთად წამოვიდნენ ბაბილონიდან მეფე ართახშასთას მეფობაში:
2ფინხასიანთაგან გერშომი, ითამარიანთაგან დანიელი, დავითიანთაგან ხატუში.
3შექანიანთაგან, ფარყოსიანთაგან, ზაქარია და მასთან მითვლილი ასორმოცდაათი მამროვანი.
4ფახათ-მოაბიანთაგან ელიეჰოყენაი, ზაქარიას ძე, და ორასი მამროვანი მასთან ერთად.
5შექანიანთაგან იახაზიელის ძე და სამასი მამროვანი მასთან ერთად.
6ყადიანიანთაგან ყებედი, იონათანის ძე, და ორმოცდაათი მამროვანი მასთან ერთად.
7ყელამიანთაგან ესაია, ყათალიას ძე, და სამოცდაათი მამროვანი მასთან ერთად.
8შეფატიანთაგან ზებადია, მიქაელის ძე, და ოთხმოცი მამროვანი მასთან ერთად.
9იობიანთაგან ყობადია, იეხიელის ძე, და ორასთვრამეტი მამროვანი მასთან ერთად.
10ბაყანიანთაგან შელომითი, იოსიფიას ძე, და სამოცი მამროვანი მასთან ერთად.
11ბებაიანთაგან ზაქარია ბებაის ძე, და ოცდარვა მამროვანი მასთან ერთად.
12ყაზგადიანთაგან იოხანანი, ძე ჰაკატანისა, და ას ათი მამროვანი მასთან ერთად.
13ადონიკამიანთაგან - უკანასკნელნი და, აჰა, მათი სახელები: ელიფელეტი, იეყიელი, შემაყია და სამოცი მამროვანი მათთან ერთად,
14ბიგვაიანთაგან ყუთაი, ზაბუდი და სამოცდაათი მამროვანი მათთან ერთად.
15შევყარე ისინი მდინარესთან, რომელიც აჰავას ერთვის, და ვიდექით იქ სამ დღეს. გამოვიკვლიე ერი და სამღვდელოება და ლევიანთაგან ვერავინ ვპოვე მათ შორის.
16დავიბარე ელყეზერი, არიელი, შემაყია, ელნათანი, იარიბი, ელნათანი, ნათანი, ზაქარია, მეშულამი - თავკაცნი, იოარიბი და ელნათანი - სწავლულნი.
17გავგზავნე ისინი იდოსთან, ქასიფიას ადგილის უფროსთან, და შევუთვალე მათი პირით იდოს და მის თვისტომთ, შეწირულთ, ქასიფიაში მყოფთ, რომ ჩვენი ღვთის სახლის მსახურნი გამოეგზავნათ ჩვენთვის.
18და მათაც, რადგან ჩვენი ღმერთის სასიკეთო ხელი იყო ჩვენზე, გამოგვიგზავნეს ერთი გონიერი კაცი მახლიანთაგან - ლევიანი, ისრაელიანი, სახელად შერებია, მისი ვაჟები და ძმები - სულ თვრამეტი კაცი,
19და ხაშაბია და მასთან ერთად ესაია მერარიანთაგან, მისი ძმები და ოცი ვაჟი,
20და შეწირულნი, რომლებიც მსახურებად მისცეს დავითმა და მთავრებმა ლევიანებს. თითოეული მათგანის სახელი ცნობილი იყო.
21გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.
22რადგან მრცხვენოდა მეთხოვა მეფისთვის ჯარი და მხედრობა, რომ გზაში მტრებისაგან დაეცვათ ჩვენი თავი, რადგან ნათქვამი გვქონდა მეფისთვის: სასიკეთოა ჩვენი ღმერთის ხელი ყველასათვის, ვინც კი ევედრება მას; ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც მას მიატოვებს.
23ვმარხულობდით და ამას შევსთხოვდით ჩვენს ღმერთს, და მანაც ისმინა ჩვენი.
24გამოვყავი მღვდლების უფროსებიდან თორმეტი კაცი - შერებია, ხაშაბია და მათთან ერთად ათი კაცი მათი ძმებიდან.
25და წონით ჩავაბარე მათ ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლისადმი შეწირული, რომელიც მეფემ, მისმა მრჩევლებმა, მთავრებმა და ყველა იქ მყოფმა ისრაელიანმა შესწირეს ჩვენი ღმერთის სახლს.
26წონით ჩავაბარე ხელში: ექვსას ორმოცდაათი ქანქარი ვერცხლი და ასი ქანქარი ვერცხლის ჭურჭელი, ოქრო ასი ქანქარი.
27ოცი ათასდრაქმიანი ოქროს თასი და ბრწყინვალე სპილენძის ორი საუკეთესო ჭურჭელი, რომელთაც ოქროს ფასი აქვთ.
28ვუთხარი მათ: თქვენ წმიდა ხართ უფლისათვის და ჭურჭელნიც წმიდაა; ვერცხლი და ოქრო ნებაყოფლობითი შეწირულობაა უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთისადმი.
29ფხიზლად იყავით და გაუფრთხილდით, სანამ წონით ჩააბარებდეთ მღვდლების უფროსებს, ლევიანებს და ისრაელის მამისსახლთა უფროსებს იერუსალიმში, უფლის სახლის საგანძურში.
30ჩაიბარეს მღვდლებმა და ლევიანებმა აწონილი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი, ჩვენი ღმერთის სახლში წასაღებად, იერუსალიმში.
31დავიძარით მდინარე აჰავადან პირველი თვის მეთორმეტე დღეს იერუსალიმში წასასვლელად და ჩვენი ღმერთის ხელი იყო ჩვენზე, გვიცავდა მტრის ხელისგან და გზაში ჩასაფრებული მზირებისგან.
32მივედით იერუსალიმში და დავრჩით იქ სამ დღეს.
33მეოთხე დღეს წონით ჩაბარდა ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი ჩვენი ღმერთის სახლში მერემოთს, ურიას ძეს, მღვდელს, და ელიაზარს, ფინხასის ძეს, მასთან ერთად და იოზაბადს, იესოს ძეს, ნოყადიას, ბინყის ძეს, ლევიანებს მათთან ერთად.
34ყველაფერი თვლითა და წონით ჩაბარდა. ამ დროსაც იქნა ჩაწერილი მთელი წონა.
35ტყვეობიდან დაბრუნებულმა, გადანასახლებმა ხალხმა შესწირა აღსავლენი ისრაელის ღმერთს: თორმეტი ხბო მთელს ისრაელზე, ოთხმოცდათექვსმეტი ვერძი, სამოცდაჩვიდმეტი ბატკანი, თორმეტი თხა ცოდვის გამოსასყიდად; ყველაფერი აღსავლენ მსხვერპლად შეიწირა უფლისადმი.
36გადასცეს მეფის განკარგულება მეფის ნაცვლებს და მდინარისგაღმელ განმგებლებს. მათაც ხელი შეუწყვეს ერსა და ღვთის სახლს.
Next