თავი - 4
Previous1გაიგეს იუდას და ბენიამინის მტრებმა, რომ ტაძარს უშენებდნენ ტყვეები უფალს, ისრაელის ღმერთს.
2მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს, ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დროიდან, რომელმაც აქ წამოგვიყვანა.
3მიუგეს მათ ზერუბაბელმა და იესომ, და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს.
4მაშინ დაუწყო ქვეყნის ერმა იუდას ხალხს ხელის შეშლა და დაბრკოლება ტაძრის შენებაში.
5დაიწყეს მათ წინააღმდეგ მრჩევლების მოსყიდვა, რომ ჩაეფუშათ მათი განზრახვა. ასე იქცეოდნენ სპარსთა მეფის, კიროსის დროს, დარიოსის სპარსთა მეფის მეფობამდე.
6ხოლო ახაშვეროშის მეფობისას, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს დაბეზღების წერილი იუდას და იერუსალიმის მკვიდრებზე.
7ართახშაშთას დროს კი ბიშლამმა, მითრედატმა, ტაბეელმა და სხვა თანამდგომებმა მისწერეს ართახშაშთას, სპარსთა მეფეს, წერილი, დაწერილი არამეული ასოებით და არამეულ ენაზე.
8რეხუმ მრჩეველმა და შიმშაი მდივანმა ერთი ასეთი წერილი მისწერეს იერუსალიმის წინააღმდეგ ართახშაშთას მეფეს,
9რეხუმ მრჩეველმა, შიმშაი მწერალმა და მათმა თანამდგომებმა - დინაელებმა, აფარსათქელებმა, ტარფელელებმა, აფარსელებმა, არქეველებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა, დეჰაველებმა, ელამელებმა,
10დანარჩენმა ხალხმა, რომელიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ასნაფარმა და სამარიის ქალაქში დაასახლა, და ნარჩენმა მდინარისგაღმელებმა და სხვებმა -
11აი, შინაარსი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას: ართახშაშთა მეფეს შენი მორჩილნი, მდინარისგაღმელნი და სხვები.
12იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.
13ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.
14და რაკი ჩვენ სასახლის მარილით ვსაზრდოობთ და მეფის ზარალის ყურება არ შეგვფერის, ამიტომაც ვიუწყებით და ვატყობინებთ მეფეს:
15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
16ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები დასრულდა, არავითარი წილი აღარ გექნება წყალგაღმიდან.
17განკარგულება გაუგზავნა მეფემ რეხუმ მრჩეველს და შიმშაი მწერალს და სხვა მოხელეებს, რომლებიც ცხოვრობენ სამარიაში და სხვა მდინარისგაღმა ქალაქებში, მოკითხვით და ასე და ასე.
18წერილი, რომელიც გამომიგზავნეთ, საჯაროდ იქნა წაკითხული ჩემს წინაშე.
19მეც გავეცი ბრძანება, ეძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ძველთაგანვე უჯანყდებოდა მეფეებს, შფოთი და არეულობა იყო იქ.
20ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.
21ახლა გაეცით ბრძანება, შეწყვიტოს მუშაობა ამ ხალხმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გამოვა ბრძანება.
22ფრთხილად იყავით, არაფერი გამოგეპაროთ ამ საქმეში. რისთვის უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფეთა საზიანოდ?
23როგორც კი მეფე ართახშაშთას წერილი წაკითხულ იქნა რენუმის, შიმშაი მწერლის და მათ თანამდგომთა წინაშე, დაუყოვნებლივ წავიდნენ ისინი იერუსალიმში იუდაელებთან და მაგარი ხელით შეაწყვეტინეს მუშაობა.
24მაშინ შეწყდა ღვთის სახლის შენება იერუსალიმში შეწყვეტილი იყო სპარსთა მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე.
Next