Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები უკვე ქალაქებში ესახლნენ; შეიკრიბა ერი იერუსალიმში როგორც ერთი კაცი.
2ადგნენ იესო იოცადაკის ძე, მისი ძმები, მღვდლები - ზერუბაბელ შალთიელის ძე და მისი ძმები და აუგეს ისრაელის ღმერთს სამსხვერპლო, რათა აღსავლენი მსხვერპლი შეეწირათ მასზე, როგორც მოსეს, ღვთისკაცის რჯულში იყო დაწერილი.
3დადგეს სამსხვერპლო თავის ადგილზე, რადგან ქვეყანათა ხალხების შიში ჰქონდათ, და სწირავდნენ მასზე აღსავლენ მსხვერპლს უფლისადმი დილით და საღამოთი.
4მართავდნენ კარვობის დღესასწაულს დაწერილისამებრ და სწირავდნენ დღიურ აღსავლენ მსხვერპლს განსაზღვრულ რიცხვში ყოველდღიური წესის მიხედვით.
5ამის შემდეგ სწირავდნენ მუდმივ აღსავლენს ახალმთავრობისას და უფლის ყოველ კურთხეულ დღესასწაულზე და ყველასათვის, ვისაც ნებაყოფლობითი შესაწირავი მიჰქონდა უფლისათვის.
6მეშვიდე თვის პირველი დღიდანვე დაიწყეს აღსავლენის შეწირვა უფლისადმი. უფლის ტაძრის საძირკველი ჯერ კიდევ არ იყო ჩაყრილი.
7დაურიგეს ვერცხლი ქვისმთლელებს და ხუროებს, საჭმელ-სასმელი და ზეთი ციდონელებს და ტვიროსელებს, რომ მოეზიდათ კედარის ძელები ლიბანიდან ზღვით იაფოში სპარსეთის მეფის, კიროსის მიერ მათთვის გაცემული ნებართვით.
8ღვთის სახლთან, იერუსალიმში, მათი მოსვლის მეორე წლის მეორე თვეს შეუდგნენ საქმეს ზერუბაბელ შალთიელის ძე, იესო იოცადაკის ძე და დანარჩენი მათი ძმები, მღვდლები - ლევიანები და ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული მთელი ხალხი, და დაადგინეს ლევიანები, ოც წელს გადაცილებულნი, უფლის სახლის სამუშაოების ზედამხედველებად.
9დადგნენ იესო, მისი შვილები და ძმები, კადმიელი, და მისი შვილები, იუდას შვილები, როგორც ერთი კაცი, ღვთის სახლში მომუშავეთა ზედამხედველებად; აგრეთვე ხენადადიანები, მათი შვილები და მათი ძმები, ლევიანები.
10როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.
11უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია, რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე! მთელი ხალხი კი მაღალი ხმით ყიჟინებდა უფლის ქება-დიდებას უფლის სახლის დაფუძნების გამო.
12ბევრი მღვდელი და ლევიანი, მამისსახლთა თავკაცნი, მოხუცებულნი, რომელთაც ნანახი ჰქონდათ პირვანდელი ტაძარი, ხმამაღლა ტიროდნენ, როცა მათ თვალწინ საძირკველი ეყრებოდა ტაძარს; ბევრნი სიხარულის ყიჟინას სცემდნენ.
13ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა.
Next