თავი - 4
Previous1გააკეთა სპილენძის სამსხვერპლო; სიგრძით ოცი წყრთა, სიგანით - ოცი წყრთა, სიმაღლით - ოცი წყრთა.
2ჩამოასხა სპილენძის ზღვა, სრულიად მრგვალი, იგი კიდით კიდემდე ათი წყრთა იყო. სიმაღლე ხუთი წყრთა ჰქონდა, ოცდაათი წყრთა ძაფი სწვდებოდა გარს.
3მის ქვეშ, ირგვლივ, ხარების გამოსახულებები იყო შემორტყმულნი, ზღვას ათ წყრთაზე გარს ევლებოდა მასთან ერთად ჩამოსსმული ხარების ორი რიგი.
4იგი თორმეტ ხარზე იდგა: სამი ჩრდილოეთით იყურებოდა, სამი დასავლეთით იყურებოდა, სამი სამხრეთთი იყურებოდა, სამი აღმოსავლეთით იყურებოდა. ზღვა ზედ ედგათ და გავები ყველას შიგნით ჰქონდათ მიქცეული.
5სისქე ერთი მტკაველი ჰქონდა: კიდეები თასის კიდესავით ჰქონდა გაკეთებული და გაშლილ შროშანს ჩამოჰგავდა. სამიათას ბათს იტევდა.
6გააკეთა ათი საბანელი; ხუთი მარჯვენა ფრთაზე დადგა, ხუთი - მარცხენა ფრთაზე, რომ მათში თვითონაც განბანილიყვნენ და აღსავლენი საკლავიც ამოევლოთ.
7გააკეთა ათი ცალი ოქროს სასანთლე მათი წესის შესაფერისად და ტაძარში დადგა; ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე.
8გააკეთა ათი ტაბლა და ტაძარში დადგა. ხუთი მარჯვენა ფრთაზე, ხუთიც მარცხენა ფრთაზე. გააკეთა ასი ცალი ოქროს სასხურებელი.
9გააკეთა მღვდელთა ეზო, დიდი ეზო, ეზოს კარები და სპილენძით მოჭედა მათი კარები.
10ზღვა მარჯვენა ფრთაზე დადგა, სამხრეთ-აღმოსავლეთით.
11გააკეთა ხურამმა ქვაბები, აქანდაზები, სასხურებლები. მოამთავრა ხურამმა სამუშაო, რომელსაც სოლომონს უკეთებდა ღვთის სახლში.
12ორი სვეტი, ბუღაურები, სვეტისთავზე დასადგმელი ბალიშებითურთ, ორი ცხაური სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად,
13ოთხასი ბროწეული ორი ცხაურისთვის, ორ-ორი რიგი ბროწეულებისა ორთავე ცხაურისთვის, სვეტებზე დასადგმელი, ბუღაურების დასაფარავად.
14გააკეთა კვარცხლბეკები, კვარცხლბეკებზე საბანლები გააკეთა.
15მის ქვეშ ერთი ზღვა და თორმეტი ხარი.
16ქვაბები, აქანდაზები, ჩანგლები და ყველა სხვა ჭურჭელი, რაც კი ხურამმა სოლომონს გაუკეთა უფლის სახლისათვის, მბზინვარე სპილენძისა იყო.
17იორდანეს მიდამოებში ჩამოასხა ისინი მეფემ, თიხნარ ნიადაგზე, სუქოთსა და ცერედას შორის.
18გააკეთა სოლომონმა ყველა ეს ჭურჭელი ძალზე ბევრი, ისე, რომ გაურკვეველი იყო სპილენძის წონა.
19გააკეთა სოლომონმა ყველა ის ჭურჭელი, რაც კი ღვთის სახლშია: ოქროს სამსხვერპლო, ოქროსავე ტაბლები, რომელზედაც საკურთხი პური ეწყო;
20მთლიანი ოქროს სასანთლეები და მისი ლამპრები, რათა აენთოთ ისინი დაბირის წინ, წესისამებრ.
21ოქროს ყვავილები, ლამპრები და მაშები - მთლიანი ოქროსგან,
22დანები, სასხურებლები, კოვზები, საცეცხლურები მთლიანი ოქროსაგან; ასევე ტაძრის კარები: წმიდათაწმიდაში შესასვლელი შიდა კარებიც და ტაძრის საწმიდარში შესასვლელი კარებიც ოქროსი იყო.
Next