თავი - 5
Previous1მოათავა ყველა საქმე, რასაც უფლის სახლისათვის აკეთებდა სოლომონი. მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის, შემოწირულობანი: ვერცხლი, ოქრო, ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დააწყო.
2მაშინ შეყარა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესობა და შტოთა ყველა თავკაცი, ისრაელიანთა მამისსახლის უფროსები, რომ გამოესვენებინათ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან ანუ სიონიდან.
3შეიყარნენ მეფე სოლომონთან სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.
4მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა და ლევიანებმა ასწიეს კიდობანი.
5წაასვენეს კიდობანი და სადღესასწაულო კარავი, და ყველა წმიდა ჭურჭელი, კარავში რომ ინახებოდა. წაასვენეს ისინი მღვდლებმა და ლევიანებმა.
6მეფე სოლომონი და მასთან შეკრებილი მთელი ისრაელის საზოგადოება იდგნენ კიდობნის წინ და მსხვერპლად სწირავდნენ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
7დაასვენეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი მისთვის განკუთვნილ ადგილზე, ტაძრის დაბირში, წმიდათაწმიდაში, ქერუბიმთა ფრთებქვეშ.
8რადგან ფრთები ჰქონდათ გადაშლილი ქერუბიმებს კიდობნის ადგილზე და ზემოდან ფარავდნენ კიდობანს და კეტებს.
9კეტები იმ სიგრძისა იყო, რომ მისი თავები მოჩანდა კიდობნიდან, დაბირის წინ, გარეთ კი არ ჩანდა. დღემდე იქ არის ისინი.
10არაფერი იყო კიდობანზე, გარდა ფიქალებისა, მოსემ რომ ჩააწყო იქ ხორებში, როცა კავშირი შეკრა უფალმა ისრაელიანებთან ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ.
11როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან (რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა, განურჩევლად დასებისა,
12ასევე ყველა მგალობელი ლევიანი - ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ვაჟები და მათი მოძმენი - სელით შემოსილნი, წინწილებით, ქნარებით, ებნებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი, მათთანვე ასოცი მესაყვირე მღვდელი,
13ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ), როცა იქუხა საყვირებისა და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
14და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა იქ დგომა და სამსახურის გაწევა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.
Next