Eleos

Contents

თავი - 3

Previous
1შეუდგა სოლომონი უფლის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც ნაჩვენები ჰქონდა დავითს, მამამისს, იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნა იებუსელის კალოზე.
2შენებას შეუდგა მეორე თვის მეორე დღეს, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
3აჰა, საფუძველი, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით, ძველი საზომი ჭყრთით, სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი წყრთა.
4სტოა, სიგრძეზე რომ გასდევდა ტაძარს, მისი სიგანის შესაბამისად ოცი წყრთა იყო; სიმაღლით - ას ოცი. შიგნიდან ხალასი ოქროთი მოაპირკეთა.
5კვიპაროსის ხეებით შემოსა დიდი სახლი, საუკეთესო ოქრო გადააკრა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
6ძვირფასი ქვით მოაპირკეთა სახლი დასამშვენებლად. ოქრო კი ფარვაიმული ოქრო იყო.
7ოქროთი დაფარა სახლი - ძელები, კარის ზღურბლზე, მისი კედლები და კარები. კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა.
8გააკეთა წმიდათაწმიდა: მისი სიგრძე სახლის სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო. ექვსასი ქანქარი სეუკეთესო ოქროთი დაფარა.
9ლურსმნები წონით ხუთი შეკელი ოქრო იყო. ქორედიც ოქროთი შემოსა.
10წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი.
11ქერუბიმების ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო, ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, და სახლის კედელს ეხებდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, მეორე ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
12მეორე ქერუბიმის ფრთაც - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა. მეორის ფრთაც - ხუთწყრთიანი, პირველი ქერუბიმის ფრთას ეხებოდა.
13ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისკენ ჰქონდათ მიქცეული.
14გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისგან და სელისგან და მასზე ქერუბიმები გამოსახა.
15სახლის წინ სიგრძით ოცდაათი წყრთის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულის თავზე ხუთწყრთიანი სვეტისთავი იყო.
16გააკეთა დაბირში ჯაჭვები და სვეტისთავებზე მიამაგრა. გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე ჩამოკიდა.
17ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ. მარჯვენას იაქინი დაარქვა, მარცხენას - ბოყაზი.
Next