თავი - 2
Previous1ბრძანა სოლომონმა სახლის აშენება უფლის სახელისთვის და სამეფო სახლის აშენება თავისთვის.
2სოლომონმა აღრიცხა სამოცდაათიათასი მტვირთავი, ოთხმოციათასი ქვის მჭრელი მთაში და სამიათას ექვსასი მათი ზედამხედველი.
3შეუთვალა სოლომონმა ხურამს, ტვიროსის მეფეს: როგორც მამაჩემს დავითს ექცეოდი და ნაძვებს უგზავნიდი მისი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად, მეც ასე მომექეციო.
4აჰა, ვაშენებ უფლის, ჩემი ღმერთის სახლს მისთვის საკურთხევლად, საკმევლის საკმევად, საწირი პურის მუდამჟამს მისართმევად, აღსავლენის აღსავლენად დილა-საღამოობით, შაბათობით, ახალმთვარობებისა და ჩვენი უფლის, ღმერთის დღესასწაულებისთვის, რაც სამარადისოდ აკისრია ისრაელს.
5დიდია ის სახლი, უფლისათვის რომ ვაშენებ, რადგან ჩვენი ღმერთი ყველა ღმერთებზე დიდია.
6ვის შესწევს ძალა, რომ უფლის სახლი ააშენოს, როცა მას ცანი და ცათა ცანიც ვერ იტევს? ან მე ვინღა ვარ, რომ მის წინაშე საკმევლის საკმევი ალაგის გარდა, სხვა სახლი ავუშენო?
7ახლა კი გამომიგზავნე ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის და ძოწეულის, მეწამული და ლურჯი ფერის ნართების დამუშავების მცოდნე კაცი, ჩუქურთმის კვეთა რომ იცოდეს და იმუშაოს იმ ხელოსნებთან ერთად, იუდასა და იერუსალიმში რომ მყავს, რომელნიც მამაჩემმა, დავითმა, მოამზადა.
8ლიბანიდან გამომიგზავნე კედარის ხეები, კვიპაროსები და სანდალოზის ხეები, რადგან ვიცი, რომ შენმა მორჩილებმა იციან ლიბანის ხეების ჭრა და აჰა, ჩემი მორჩილნი შენს მორჩილებთან ერთად იქნებიან,
9რათა უხვად დამიმზადონ ხეები, რადგან სახლი მე რომ ვაშენებ, დიდებული და მშვენიერი უნდა გამოვიდეს.
10აჰა, ვაძლევ ტყისმჭრელებს, ხეებს რომ ჩეხავენ, შენს მორჩილთ, ოციათას ქორ ხორბლის ფქვილს, ოციათას ქორ ქერს, ოციათას ბათ ღვინოსა და ოციათას ბათ ზეთს.
11ხურამმა, ტვიროსის მეფემ, წერილით უპასუხა სოლომონს და შეუთვალა: რაკი უფალს უყვარს თავისი ერი, ამიტომ დაგადგინა მასზე მეფედ.
12კიდევ ეს უთხრა ხურამმა: კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, რომელმაც მეფე დავითს ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი ვაჟი უბოძა, რომელიც აშენებს სახლს უფლისათვის და სამეფო სახლს თავისთვის.
13ახლა კი გიგზავნი ბრძენსა და გამოცდილ კაცს - ხურამ-აბის,
14დანელი ქალის ძეს, მამით ტვიროსელს, რომელმაც იცის ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, რკინის, ქვის, ხის, ძოწეული და ლურჯი ნართების, სელის და ყირმიზის დამუშავება, ყოველგვარი ჩუქურთმის კვეთა, ყველა ჩანაფიქრის განსახორციელებლად, რაც კი დაევალება შენს ხელოსნებთან და ჩემი ბატონის, დავითის, ხელოსნებთან ერთად.
15ახლა გამოუგზავნოს ჩემმა ბატონმა ის ხორბალი, ქერი, ზეთი და ღვინო, თავის მორჩილთ რომ შეჰპირდა.
16ჩვენ კი ლიბანში მოვჭრით ხეებს, რამდენიც დაგჭირდება და ზღვაზე ტივებით დავაცურებთ იოფისკენ, იქიდან კი იერუსალიმს აიტანე.
17აღრიცხა სოლომონმა ყველა ხიზანი, ვინც კი ისრაელის ქვეყნად დავითის, მამამისის, აღრიცხვის შემდეგ მოსულიყო. და აღმოჩნდა ასორმოცდაცამეტი ათას ექვსასი კაცი.
18მათგან სამოცდაათი ათასი მტვირთავად გაამწესა, ოთხმოცი ათასი - ქვის მჭრელად მთაში, სამი ათას ექვსასი - ზედამხედველად, ხალხი რომ ემუშავებინათ.
Next