თავი - 1
Previous1გამტკიცდა სოლომონ დავითის ძე თავის სამეფოში. უფალი, მისი ღმერთი იყო მასთან და დიდად აღაზევა იგი.
2მოუხმო სოლომონმა მთელ ისრაელს: ათასისთავებს, ასისთავებს, მსაჯულებს, მთელი ისრაელის ყველა წინამძღოლს, მამისსახლთა თავკაცებს.
3გაემართნენ სოლომონი და მასთან ერთად მთელი კრებული იმ გორაკისაკენ, რომელიც გაბაონშია, რადგან იქ იყო ის სადღესასწაულო კარავი, მოსემ, ღვთის მორჩილმა რომ გააკეთა უდაბნოში.
4ხოლო ღვთის კიდობანი დავითს კირიათ-იეყარიმიდან ჰქონდა გადატანილი იმ ადგილზე, რომელიც მას მოუმზადა დავითმა, რადგან იერუსალიმში გაშალა მისი კარავი.
5სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც ბეცალიელმა, ძემ ურისა, ძისა ხურისამ გააკეთა, იქვე იყო, უფლის სავანის წინ. მოძებნეს იგი სოლომონმა და კრებულმა.
6ავიდა იქ სოლომონი უფლის წინაშე, სპილენძის სამსხვერპლოზე, სადღესასწაულო კარავთან რომაა და ათასი აღსავლენი აღავლინა მასზე.
7იმ ღამეს გამოეცხადა ღმერთი სოლომონს და უთხრა: მთხოვე, რა გინდა, რომ მოგცე?
8უთხრა სოლომონმა ღმერთს: დიდად წყალობდი მამაჩემს დავითს. მის ნაცვლად კი მე გამამეფე.
9უფალო ღმერთო, ახლა აღსრულდეს შენი სიტყვა, დავითს, მამაჩემს, რომ უთხარი. რაკიღა მიწის მტვერივით რიცხვმრავალ ხალხზე გამამეფე,
10სიბრძნე და ცოდნაც მომეცი ბარემ, რომ გავდიოდე ხალხის წინაშე და შევდიოდე. რადგან ვის შეუძლია განაგოს შენი ერი, ესოდენ მრავალრიცხოვანი?
11უთხრა უფალმა სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლივი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე,
12გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს.
13გაბაონში რომ გორაკია, იქიდან ჩავიდა სოლომონი იერუსალიმში და მეფობდა ისრაელზე.
14თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს. ჰყავდა ათასოთხასი ეტლი და თორმეტი ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებში და იერუსალიმში, თავისთან.
15ოქრო-ვერცხლი ქვებს გაუთანაბრა იერუსალიმში, ხოლო კედარი სიკომორის ხეს, დაბლობში რომ იზრდება.
16სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი; მეფის ვაჭრებს მოჰყავდათ კევედან საფასურით.
17ეტლი ექვსას ვერცხლად ამოჰყავდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები - ასორმოცდაათ ვერცხლად. ამავე ფასში მოჰქონდათ თავიანთი ხელით ხეთელთა და არამელთა მეფეებისთვისაც.
Next