Eleos

Contents

თავი - 29

Previous
1უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის.
2რაც კი შემეძლო ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეულისთვის, ხე-ტყე ხე-ტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და მარმარილოს ლოდები უამრავი.
3ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული.
4სამიათასი ქანქარი ოქრო, ოფირის ოქრო, შვიდი ათასი ქანქარი გადამდნარი ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,
5ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქროჭმედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?
6გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა, ასისთავებმა და მეფის მოურავებმა.
7და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის ხუთი ათასი ქანქარი ოქრო, ათი ათასი დრამა, ათი ათასი ქანქარი ვერცხლი, თვრამეტი ათასი ქანქარი სპილენძი, ასი ათასი ქანქარი რკინა.
8ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს.
9ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან სრული გულით სწირავდნენ უფალს. ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
10აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: კურთხეულ ხარ, უფალო, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე.
11შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად.
12სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელშია ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.
13აწ გაქებთ შენ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.
14ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
15ვინაიდან მდგმურნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამა-პაპის მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
16უფალო, ღმერთო ჩემო! მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
17ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილველი და სიმართლისმოყვარული ხარ. ეს აყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ერს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
18უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა, ისრაელისა და ჩვენი მამა-პაპისა! სამარადისოდ დაიცავი ეს, შენი ერის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.
19და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი სრული გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე მოვამზადე.
20უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი! და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალს და მეფეს.
21მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები და აღსავლენი აღუვლინეს უფალს: ათასი კურატი, ათასი ცხვარი, ათასი კრავი, თავისი საღვრელითურთ, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
22იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს, უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს. ხოლო ცადოკი - მღვდლად.
23დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა.
24ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ვაჟიშვილი ემორჩილებოდა სოლომონ მეფეს.
25დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრალოს თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
26დავით იესეს ძე მეფობდა მთელს ისრაელზე.
27ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, ოცდაცამეტი - იერუსალიმში.
28მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. მის ნაცვლად სოლომონი გამეფდა.
29დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი,
30მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა.
Next