თავი - 28
Previous1შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი, შტოთა მთავარნი, დასების მთავარნი, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მისი ძეების მთელი საქონ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი.
2ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფერხთა დასადგმელი, და მოვემზადე ასაშენებლად.
3მაგრამ ღმერთმა მითხრა: ჩემს სახელზე სახლს ნუ ააშენებ! რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილიო.
4უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი სამარადისოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
5ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს ტახტზე, ისრაელზე.
6მითხრა: შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
7სამარადისოდ გავამაყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და სჯულდებას, როგორც დღემდის იცავდა.
8ახლა კი მთელი ისრაელის, უფლის კრებულის, თვალწინ, ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა დოვლათიან ქვეყანას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ უკუნისამდე.
9ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
10ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ დეგ და გააკეთე.
11მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა: უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა,
13მღვდელთა და ლევიანთა დასებისა, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისა, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისა,
14ოქროულობა, ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონით ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის.
15წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრის წონასთან ერთად; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია.
16ოქროს წონა საწირი ტაბლებისთვის და ყველა მაგიდისთვის. ასევე ვერცხლი ვერცხლის ტაბლებისთვის.
17ხალასი ოქრო ჩანგლებისთვის, სასხურებლებისთვის, ჯამებისთვის. ოქროს ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონასთან ერთად.
18საკმევის სამსხვერპლოსთვის გასუფთავებული ოქრო წონასთან ერთად, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, რომელთა ფრთებიც გადაშლილი და გადაფარებული იყო უფლის აღთქმის კიდობანზე.
19ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი.
20უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი, ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს.
21აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ხალხი კი შენს ყველა ბრძანებებს ემორჩილებიან.
Next