Eleos

Contents

თავი - 33

Previous
1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდათხუთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
3აღადგინა გორაკები, მამამისმა იეხიზკიაჰუმ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალებს, გააკეთა აშერები, თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და მსახურებდა მათ.
4ააგო სამსხვერპლოები უფლის სახლში, რომელზეც უფალმა თქვა: იერუსალიმში საუკუნოდ იქნებაო ჩემი სახელი.
5აუგო სამსხვერპლოები ცის ვარსკვლავებს უფლის სახლის ორთავე ეზოში.
6ცეცხლში ატარებდა შვილებს ბენ-ჰინომის ველზე, მკითხაობდა, მისნობდა, ჩხიბავდა, დაადგინა მესულთანენი და ჯადოქარნი. ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის გასაჯავრებლად.
7დაამკვიდრა კერპი, ქანდაკი, რომელიც გააკეთა, ღვთის სახლში, რომელზეც ეუბნებოდა ღმერთი დავითს და მის ძეს, სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, საუკუნოდ დავამკვიდრებ ჩემს სახელს.
8აღარ მოვაცვლევინებო ფეხს ისრაელს ამ მიწიდან, რომელიც მის მამა-პაპას დავუდგინე, ოღონდ შეასრულონ, რაც ვუბრძანე, თანახმად მთელი რჯულისა, წესებისა და მცნებებისა, მოსეს ხელით რომ მიეცათო.
9მაგრამ აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე.
10ელაპარაკა უფალი მენაშესა და მის ხალხს, მაგრამ არ შეისმინეს.
11მიუსია მას უფალმა აშურის მეფის მხედართმთავრები. შეიპყრეს მენაშე, დაატყვევეს, ბორკილები დაადეს და ბორკილდადებული ბაბილონს წაიყვანეს.
12შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე.
13ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი.
14ამის შემდეგ გარე კედელი შემოუშენა დავითის ქალაქს გიხონის დასავლეთით, ხევისკენ, თევზთა კარიბჭის შესასვლელამდე, გარს შემოარტყა ყოფელს და ძალზე აამაღლა, და მხედართმთავრები ჩააყენა იუდას ყველა გამაგრებულ ქალაქში.
15მოაშორა უფლის სახლს უცხო ღმერთები და კერპი, ასევე ყველა სამსხვერპლო, უფლის სახლის მთაზე რომ ააგო იერუსალიმში, და ქალაქის გარეთ გადაყარა.
16განაახლა უფლის სამსხვერპლო, და შესწირა მასზე სამადლობელი და სადიდებელი მსხვერპლი. უბრძანა იუდას, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.
17მაგრამ ხალხი მაინც გორაკებზე სწირავდა მსხვერპლს, ოღონდ მხოლოდ უფალს, თავის ღმერთს.
18მენაშეს დანარჩენი ამბები, მისი ლოცვა თავისი ღმერთის მიმართ, და იმ მხილველთა სიტყვები, რომელნიც მას უფლის, ისრაელის ღმერთის სახელით ლაპარაკებოდნენ, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
19რომ ილოცა და შეწყნარებულ იქნა, რომ სცოდავდა და უკეთურებას სჩადიოდა, გორაკები რომ გამართა და აშერები და კერპები აღმართა, ყველაფერი, მის მოდრეკამდე, ხოზაის მატიანეშია ჩაწერილი.
20განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს თავის სახლში. მის ნაცვლად მისი ძე, ამონი, გამეფდა.
21ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში.
22უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა. მამამისის, მენაშეს მიერ გაკეთებულ ყველა კერპს მსხვერპლს სწირავდა ამონი და მსახურებდა მათ.
23არ მომდრკალა უფლის წინაშე, როგორც მამამისი მენაშე მოდრკა, არამედ უფრო გაამრავლა ამონმა დანაშაული.
24შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი და თავის სახლში მოკლეს.
25ამოწყვიტა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. ქვეყნის ერმა მის ნაცვლად მისი ძე იოშიაჰუ გაამეფა.
Next