Eleos

Contents

თავი - 32

Previous
1ამ პატიოსან საქმეთა შემდეგ მოვიდა სანხერიბი, აშურის მეფე, შემოიჭრა იუდაში და ალყა შემოარტყა ციხე-ქალაქებს, მათ გატეხას ფიქრობდა.
2როცა დაინახა იეხიზკიაჰუმ, რომ მოვიდა სანხერიბი და იერუსალიმზე ლაშქრობას აპირებს,
3გადაწყვიტა თავის სარდლებთან და თავის მებრძოლებთან ერთად, დაეწყვიტა წყაროს სათავეები, რომლებიც ქალაქის გარეთ იყო, და ისინიც მიეხმარნენ.
4შეიყარა უამრავი ხალხი და დაწყვიტეს ყველა სათავე და ნაკადული, რაც კი დიოდა იმ მიწაზე, რადგან თქვეს: რატომ უნდა ნახონ აქ მოსულმა აშურის მეფეებმა ბევრი წყალი?
5მოიცა ძალი და ამოაშენა ყველა დანგრეული კედელი, აამაღლა გოდლები და გარედან კიდევ სხვა კედელი შემოაშენა. გაამაგრა მილო დავითის ქალაქში, დაამზადა დიდძალი საჭურველი და ფარები.
6ჯარის უფროსები დაუყენა ხალხს, შემოიკრიბა ისინი ქალაქის კარიბჭის მოედანზე და გაამხნევა:
7გამტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან.
8მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში. გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე.
9ამის შემდეგ სანხერიბმა, აშურის მეფემ, რომელიც მთელი თავისი ლაშქრითურთ ლაქიშის წინ იდგა, გაუგზავნა თავისი მორჩილნი იერუსალიმში იეხიზკიაჰუს, იუდას მეფეს, და მთელ იუდას, იერუსალიმში მყოფს, რომ ეთქვათ:
10ასე ამბობს სანხერიბი, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვთ, იერუსალიმის ციხე-სიმაგრეში რომ ჩამსხდარხართ?
11განა იეხიზკიაჰუ არ გაცთუნებთ, რომ შიმშილითა და წყურვილით ამოგხადოთ სული, როცა გეუბნებათ, უფალი, ჩვენი ღმერთი გვიხსნისო აშურის მეფის ხელიდან?
12განა მაგ იეხიზკიაჰუმ არ დაანგრია მისი გორაკები და სამსხვერპლოები? განა ასე არ უთხრა იუდასა და იერუსალიმს, ერთი სამსხვერპლოს წინაშე უნდა სცეთო თაყვანი და მასზე უნდა აკმიოთო საკმეველი?
13განა არ იცით რა დღე დავაწიეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ ქვეყნის ყველა ხალხს? განა შესძლეს ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ჩემი ხელიდან ეხსნათ მათი ქვეყნები?
14რომელი იყო ჩემი მამა-პაპის განადგურებულ ამ ხალხების ღმერთთაგან ისეთი, თავისი ხალხი რომ ეხსნა ჩემი ხელიდან, რომ ახლა თქვენმა ღმერთმა გიხსნათ ჩემი ხელიდან?
15ახლა არ მოგატყუოთ იეხიზკიაჰუმ და არ გაცთუნოთ ამგვარად. არ დაუჯეროთ მას. რაკი ვერცერთი ხალხის და სამეფოს ვერცერთმა ღმერთმა ვერ შესძლო თავისი ხალხის ხსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან, ვერც თქვენი ღმერთი ვერ გიხსნით ჩემი ხელიდან.
16კიდევ ელაპარაკნენ მისი მორჩილნი უფლის, მათი ღმერთის, წინააღმდეგ და მისი მორჩილის, იეხიზკიაჰუს, წინააღმდეგ.
17უფლის, ისრაელის ღმერთის, სალანძღავ წერილებს წერდა იგი და ასეთ სიტყვებს ამბობდა მასზე: როგორც ქვეყნის ხალხების ღმერთებმა ვერ იხსნეს თავისი ხალხი ჩემი ხელიდან, ასევე ვერც იეხიზკიაჰუს ღმერთი ვერ იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან.
18ხმამაღლა უყვიროდნენ ებრაულად იერუსალიმის ხალხს, გალავანზე მყოფს, რომ შეეშინებინათ და თავზარი დაეცათ, და აეღოთ ქალაქი.
19ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც ქვეყნის ხალხთა ღმერთებზე, ადამიანის ხელით შექმნილებზე.
20ილოცეს მეფე იეხიზკიაჰუმ და წინასწარმეტყველმა ესაიამ, ამოცის ძემ, ამის გამო და ცას შეჰღაღადეს.
21მოავლინა უფალმა ანგელოზი და ამოწყვიტა აშურის მეფის ბანაკში ყველა მაგარი ვაჟკაცი, წინამძღოლი და სარდალი. შერცხვენილი გაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში და, როცა თავისი ღმერთის სახლში შევიდა, მისი წიაღიდან გამოსულებმა მახვილით განგმირეს იქ.
22იხსნა უფალმა იეხიზკიაჰუ და იერუსალიმის მკვიდრნი აშურის მეფის, სანხერიბისა, და ყველას ხელიდან და დაიფარა ყოველი მხრივ.
23მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი უფლისათვის და რჩეული საჩუქრები იეხიზკიაჰუსთვის, იუდას მეფისთვის. მას აქეთ ამაღლდა იგი ყველა ხალხი თვალში.
24იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა იეხიზკიაჰუ და შეევედრა უფალს. ელაპარაკა უფალი და მისცა ნიშანი.
25არ მიაგო იეხიზკიაჰუმ სანაცვლო მისთვის გაწეულ სიკეთეს, რადგან გადიდგულდა. და იყო ღვთის რისხვა მასზე, იუდაზე და იერუსალიმზე.
26მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში.
27დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს. საგანძურები გაიჩინა ვერცხლისთვის, ოქროსთვის, ძვირფასი ქვებისთვის, ნელსაცხებლებისთვის, ფარებისთვის და ყოველი სასურველი ნივთისთვის,
28ბეღლები მიწის ნაყოფთათვის, პურისთვის, ღვინისთვის და ზეთისთვის, გომურები ყოველგვარი პირუტყვისთვის, და ფარეხები ცხვრის ფარისთვის.
29აიშენა თავისთვის ქალაქებიც. ცხვარ-ძროხის ჯოგები მრავლად ჰყავდა, რადგან ღმერთმა მას დიდძალი დოვლათი მისცა.
30მანვე, იეხიზკიაჰუმ, გადაკეტა გიხონის ზემო წყაროების სათავე და ქვემოთ ჩამოიყვანა, დავითის ქალაქის დასავლეთ მხარეზე. წარმატება ჰქონდა იეხიზკიაჰუს ყველა თავის საქმეში.
31მხოლოდ ბაბილონის მთავართა ელჩობის დროს, რომელიც გამოგზავნეს მასთან ქვეყანაში მომხდარი სასწაულის გამოსაძიებლად, მიუშვა იგი ღმერთმა, რომ გამოეცადა და სცოდნოდა ყოველი მისი გულისნადები.
32იეხიზკიაჰუს დანარჩენი საქმენი და მისი სიკეთენი წინასწარმეტყველ ესაიას, ამოცის ძის, ხილვაში და იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
33განისვენა იეხიზკიაჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს იგი დავითიანთა სამარხების ზემოთ. პატივი მიაგეს მას სიკვდილის შემდეგ მთელმა იუდამ და იერუსალიმის მკვიდრებმა. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე, გამეფდა.
Next