თავი - 34
Previous1რვა წლისა იყო იოშიაჰუ, როცა გამეფდა და ოცდათერთმეტი წელი იმეფა იერუსალიმში.
2სწორად იქცეოდა უფლის თვალში და დავითის, მამამისის გზას მიჰყვებოდა, არც მარჯვნივ გადაუხვევია, არც მარცხნივ.
3თავისი მეფობის მერვე წელს, ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა დაუწყო ძიება დავითის, მამამისის ღმერთს. მეთორმეტე წელს კი შეუდგა იუდასა და იერუსალიმის გაწმედას გორაკებისაგან, აშერებისაგან, გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპებისგან.
4მის წინაში დაანგრიეს ბაალის სამსხვერპლოები. აჩეხა სამზეო სვეტები, მათ ზემოთ რომ იყო აღმართული, დალეწა აშერები და გამოქანდაკებული და ჩამოსხმული კერპები, მტვრად აქცია და იმათ სამარხებს გადააყარა, ვინც მსხვერპლს სწირავდნენ მათ.
5მათსავე სამსხვერპლოზე დაწვა მათი ქურუმების ძვლები და გაწმიდა იუდა და იერუსალიმი.
6მენაშეს, ეფრემის, სიმონის ქალაქებში ვიდრე ნაფთალიმდე, ირგვლივ მათ ნაოხარებში,
7დაანგრია სამსხვერპლოები და აშერები, მტვრად აქცია კერპები და აჩეხა მზის სვეტები მთელ ისრაელის ქვეყანაში და იერუსალიმს დაბრუნდა.
8თავისი მეფობის მეთორმეტე წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა და უფლის სახლი გაწმიდა, უფლის, თავისი ღმერთის სახლის შესაკეთებლად გაგზავნა შაფან აცალიაჰუს ძე, ქალაქის თავი მაყასიაჰუ და მწერალი იოახ იოახაზის ძე.
9მივიდნენ ხილკიაჰუ მღვდელმთავართან და მისცეს უფლის სახლში შეგროვილი ვერცხლი, რომელიც ლევიანებმა და ზღურბლის მცველებმა აკრიფეს მენაშეს, ეფრემის, სხვა ისრაელიანების, მთელი იუდას და ბენიამინის ხელიდან, და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
10ხელში ჩააბარეს სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში იყვნენ განწესებულნი. ისინი აძლევდნენ მას სამუშაოთა შემსრულებლებს, რომელნიც უფლის სახლში მუშაობდნენ შეკეთებასა და გამაგრებაზე.
11ისინი კი ურიგებდნენ დურგლებს და მშენებლებს, რათა ეყიდათ გათლილი ქვები და ძელები კოჭებისთვის და სახლების გადასახურავად, იუდას მეფეებმა რომ დაანგრიეს.
12ხალხი პატიოსნად ასრულებდა სამუშაოს. თავზე ეყენათ: იახათი და ყობადიაჰუ - ლევიანები მერარიანთაგან, ზებადია და მეშულემი - კაჰათიანთაგან, და ლევიანები, ყველანი, ვინც საკრავების დაკვრაში იყო გაწაფული.
13მტვირთავებზეც იყვნენ დადგენილნი და თვალყურს ადევნებდნენ ყველა სამუშაოს შემსრულებელს და ყველა საქმეს. ლევიანთაგან იყვნენ: მწერლები, ზედამხედველები და კარისმცველები.
14როცა უფლის სახლში მიტანილი ვერცხლი გამოჰქონდათ, ხილკიაჰუ მღვდელმა მოსეს ხელით მოცემული უფლის რჯულის წიგნი იპოვა.
15უთხრა ხილკიაჰუმ შაფან მწერალს: რჯულის წიგნი ვიპოვე უფლის სახლში. და ჩააბარა ხილკიაჰუმ წიგნი შაფანს.
16შაფანმა მეფეს წაუღო წიგნი, თან ამბავი მიუტანა მეფეს და უთხრა: ყველაფერს აკეთებენ შენი მორჩილნი, რაც დავალებული აქვთ.
17გადმოყარეს ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში აღმოჩნდა, და ხელში ჩააბარეს ზედამხედველებსა და სამუშაოთა შემსრულებლებს.
18ამბავი მიუტანა შაფანმა მეფეს და უთხრა: წიგნი ჩამაბარა ხილკიაჰუ მღვდელმა და წაიკითხა შაფანმა მეფის წინაშე.
19როცა მეფემ მოისმინა რჯულის სიტყვები, შემოიხია სამოსელი.
20უბრძანა მეფემ ხილკიაჰუს, ახიკამ შაფანის ძეს, ყაბდონ მიქას ძეს, შაფან მწერალს, ყასაიას, მეფის მსახურს, და უთხრა:
21წადით და შეეკითხეთ უფალს ჩემზე, ისრაელში დარჩენილებზე და ნაპოვნი წიგნის სიტყვებზე, რადგან დიდია უფლის რისხვა, თავს რომ დაგვატყდა, რადგან არ დაიცვა ჩვენმა მამა-პაპამ უფლის სიტყვები, რომ მოქცეულიყვნენ ყოველივე იმის მიხედვით, რაც ამ წიგნში სწერია.
22წავიდნენ ხილკიაჰუ და, ვისაც მეფემ უბრძანა, ხულდა წინასწარმეტყველთან, ცოლთან შალუმისა, ძისა თოკჰათისა, ძისა ხასრასი, მესამოსლისა (იგი იერუსალიმის მეორე ნაწილში ცხოვრობდა) და ელაპარაკნენ ამის თაობაზე.
23უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: უთხარით იმ კაცს, ვინც ჩემთან გამოგგზავნათ:
24ასე ამბობს-თქო უფალი: აჰა, უბედურებას დავატეხ ამ ადგილს, მის მკვიდრებს კი - იმ წყევლა-კრულვას, რაც ამ წიგნში სწერია, იუდას მეფის წინაშე რომ წაიკითხეს.
25რაკი მიმატოვეს და სხვა ღმერთებს უკმიეს საკმეველი ჩემს გასაჯავრებლად თავიანთი ხელის ნამოქმედარით, ამიტომ ჩემი რისხვა გადმოიღვრება ამ ადგილზე და აღარ დაცხრება.
26იუდას მეფეს კი, უფლის საძიებლად რომ გამოაგზავნათ, ასე უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი, ღმერთი ისრაელისა, იმ სიტყვათა თაობაზე, შენ რომ მოისმინე:
27რაკი გული მოგილბა და თავი მოიდრიკე ღვთის წინაშე, რაც მისი სიტყვები მოისმინე ამ ადგილისა და მისი მკვიდრების თაობაზე, და მოდრკი ჩემს წინაშე, სამოსელი შემოიხიე და სტიროდი ჩემს წინაშე, მეც ამიტომ შეგიწყნარეო, ამბობს უფალი.
28აჰა, მოგასვენებ შენს მამა-პაპასთან, მშვიდობით შეერთვები შენს სამარხს და აღარ იხილავენ შენი თვალები ყველა იმ უბედურებას, რომელსაც ამ ადგილს და მის მკვიდრებს დავატეხ. მიუტანეს მეფეს სიტყვა.
29დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდას და იერუსალიმის უხუცესობა.
30ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა.
31დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.
32დაუდგინა იგი ყველას, ვინც იერუსალიმში და ბენიამინში იმყოფებოდნენ. და იქცეოდნენ იერუსალიმის მკვიდრნი ღმერთის, მათი მამა-პაპის ღმერთის აღთქმის თანახმად.
33განაგდო იოშიაჰუმ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეენიდან და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა. დღენი მათნი აღარ განდგომიან უფალს, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს.
Next