თავი - 29
Previous1იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო, აბია, ზაქარიას ასული.
2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა.
3მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი.
4მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი.
5უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
6შესცოდა ჩვენმა მამა-პაპამ, ბოროტად მოიქცა უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვა იგი, პირი მოარიდა უფლის სავანეს და ზურგი შეაქცია.
7დაგმანა კარიბჭის კარებები და ჩააქრო სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმია და აღარც აღსავლენი აღუვლინა საწმიდარში ისრაელის ღმერთს.
8უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს, გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ.
9აჰა, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა. ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები ტყვეობაში არიან ამის გამო.
10ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა.
11ჩემო შვილებო! ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით.
12ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე - კეჰათიანთაგან. მერარიანთაგან: კიში, ძე ყაბდისა და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა. გერშუნიანთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე.
13ელიცაფანიანთაგან: შიმრი და იეყიელი. ასაფიანთაგან: ზაქარია და მათანია.
14ჰემანიანთაგან: იეხიელი და შიმყი. იედუთუნიანთაგან: შემაყია და ყუზიელი.
15შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად.
16შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად.
17პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმედა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღე წმედდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს.
18შევიდნენ შიდაში მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: გავასუფავეთ უფლის მთელი სახლი, აღსავლენის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭლეული, საწირი პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭლეული.
19ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში უპატიოჰყო თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით. და, აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ისინი.
20დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, შეყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა.
21შვიდი კურატი, შვიდი ცხვარი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის. აარონიანებს, მღვდლებს, უბრძანა აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე.
22დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს.
23მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ.
24დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი.
25დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით.
26ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით.
27ბრძანება გასცა იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ აღსავლენი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო აღსავლენის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავით ისრაელის მეფის საკრავების თანხლებით.
28მთელი კრებული თაყვანს სცემდა, მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა აღსავლენის დამთავრებამდე.
29აღსავლენს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველამ, მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
30მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.
31მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი.
32იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად.
33სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი.
34ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა აღსავლენის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ გაინათლნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინობდნენ გასანათლავად, ვიდრე მღვდლები.
35თანაც აღსავლენი უამრავი იყო სამადლობელი მსხვერპლის ლურთებითა და აღსავლენის საღვრელებითურთ. ასე განახლდა უფლის სახლის სამსახური.
36გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი.
Next