თავი - 28
Previous1ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა ისე სწორად უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი.
2დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. ბაალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა.
3საკმეველს აკმევდა ბენ-ჰიმონის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
4მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ.
5და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. დაამარცხეს იგი, მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ჩააგდო იგი ისრაელის მეფის ხელშიც, რომელმაც სასტიკად დაამარცხა.
6ფეკად რემელიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში - ყველა კარგი ვაჟკაცი. რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი.
7ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი.
8წაასხეს ტყვედ ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან ორასი ათასი დიაცი, ვაჟი და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი.
9იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა.
10ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდიანები და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?
11ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ.
12წინ აღუდგნენ ეფრემიანთა თავკაცები - ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხალდაის ძე ომიდან მოსულთ.
13უთხრეს: ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს. რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე.
14მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე.
15ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარიდან. შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სხედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხონამდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ.
16იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის.
17კვლავ მოვიდნენ ედომელები, დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს.
18ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ.
19ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, ისრაელის მეფის გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს.
20მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად.
21რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად.
22თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი.
23მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო. მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ.
24მოაგროვა ახაზმა უფლის სახლის ჭურჭლეული და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული, დაგმანა უფლის სახლის კარები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში.
25იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.
26დანარჩენი მისი ამბები და ყოველი მისი მოქმედება - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ შეუსვენებიათ. მის ნაცვლად მისი ძე, იეხიზკიაჰუ გამეფდა.
Next