თავი - 30
Previous1შეუთვალა იეხიზკიაჰუმ მთელს ისრაელს და იუდას. წერილები მისწერა ეფრემსა და მენაშეს, რათა მოსულიყვნენ უფლის სახლში, იერუსალიმში, უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის პასექის გადასახდელად.
2გადაწყვიტეს მეფემ, მისმა მთავრებმა და მთელმა კრებულმა იერუსალიმში, რომ პასექი მეორე თვეში გადაეხადათ.
3რადგან იმჟამად არ შეეძლო გადახდა, რაკი მღვდლები ჯერ არ იყვნენ განათლულნი და არც საკმარისი რაოდენობის ხალხი არ იყო თავმოყრილი იერუსალიმში.
4სწორად ჩაითვალა ეს ამბავი მეფისა და მთელი კრებულის თვალში.
5დაადგინეს, ხმა გაევრცელებინათ მთელ ისრაელში ბერშებადან დანამდე, რათა მოსულიყვნენ და პასექი გადაეხადათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, იერუსალიმში, რადგან დიდხანს არ გადაეხადათ დაწერილის მიხედვით.
6მოიარეს მალემსრბოლებმა მეფისა და მისი მთავრების წერილებით მთელი ისრაელი და იუდა, და მეფის ბრძანებისამებრ გამოუცხადეს: ისრაელიანებო! დაუბრუნდით უფალს, აბრაამის, ისაკის, ისრაელის ღმერთს, და ისიც დაუბრუნდება თქვენს ნატამალს, აშურის მეფეთა ხელს რომ გადაურჩა.
7ნუ იქნებით თქვენი მამა-პაპის და მოძმეთა მსგავსნი, რომელთაც შესცოდეს უფალს, თქვენი მამა-პაპის ღმერთს, და მანაც გასწირა ისინი გასაპარტახებლად როგორც ხედავთ.
8ახლა მაინც ნუ იქნებით ქედფიცხელნი თქვენი მამა-პაპის მსგავსად. ხელი გაიწოდეთ უფლის მიმართ, მოდით მის საწმიდარში, რომელიც განათლული აქვს სამარადისოდ. ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და გაბრუნდება თქვენგან მისი რისხვა.
9თუ დაუბრუნდებით უფალს, შებრალებას ჰპოვებენ თქვენი ძმები და შვილები იმათ წინაშე, ვინც ისინი დაატყვევეს, და დააბრუნებენ ამ ქვეყანაში, რადგან მოწყალე და შემბრალეა უფალი, ღმერთი თქვენი. პირს აღარ შეიბრუნებს თქვენგან, თუ დაუბრუნდებით მას.
10დადიოდნენ მალემსრბოლნი ქალაქიდან ქალაქში, ეფრემის, მენაშესა და ზებულუნის ქვეყანაში. მაგრამ დასცინოდნენ მათ და აბუჩად იგდებდნენ.
11მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
12იუდაზეც იყო ღვთის ხელი მისთვის ერთი გულის ჩასადებად, რომ შეესრულებინათ, რაც მეფემ და მთავრებმა უბრძანეს, უფლის სიტყვისაებრ.
13დიდძალი ხალხი მოაწყდა იერუსალიმს მეორე თვეში უფუარობის დღესასწაულის გადასახდელად, მრავლის უმრავლესი იყო კრებული.
14ადგნენ და მოაშორეს სამსხვერპლოები, იერუსალიმში რომ იყო, ასევე ყველაფერი, რაზეც საკმეველი იკმეოდა. აიღეს და კედრონის ხევში გადაყარეს.
15დაკლეს პასექი მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, გაინათლნენ და აღსავლენი მიიტანეს უფლის სახლში.
16დადგნენ თავ-თავიანთ ადგილზე, მათი წესისდა მიხედვით, მოსეს, ღვთისკაცის, რჯულის მიხედვით. მღვდლები სისხლს ლევიანთა ხელით ასხურებდნენ.
17მრავლად იყვნენ კრებულში გაუნათლავნი, ამიტომ დაკლეს ლევიანებმა პასექები, რათა უფლისათვის გაენათლათ ყოველი არაწმიდა.
18თუმცა ხალხის უმრავლესობა, მეტწილად ეფრემიგან, მენაშედან, ისაქარიდან და ზებულუნიდან არ გაწმედილა, მაინც ჭამეს პასექი, დაწერილის საწინააღმდეგოდ. რადგან ასე ილოცა მათთვის იეხიზკიაჰუმ.
19უფალმა სახიერმა მიუტევოს ყველას, ვინც განამზადა თავისი გული, რომ მოეძებნა ღმერთი, უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, თუმცა საწმიდარის წესით არ განწმედილა.
20უსმინა უფალმა იეხიზკიაჰუს და მიუტევა ხალხს.
21ისრაელიანებმა და იმათ, ვინც კი იერუსალიმში იყო, შვიდ დღეს იზეიმეს უფუარობის დღესასწაული, დიდი სიხარულით. ლევიანები და მღვდლები ყოველდღე ადიდებდნენ უფალს უფლის ძლიერი საკრავებით.
22გულითადად ელაპარაკა იეხიზკიაჰუ ყველა ლევიანს, რომელიც კეთილი გონებით ემსახურებოდა უფალს. შვიდი დღე ჭამდნენ სადღესასწაულოს, სწირავდნენ სამადლობელ მსხვერპლს და მადლობდნენ უფალს, თავიანთ მამა-პაპის ღმერთს.
23გადაწყვატა მთელმა კრებულმა, რომ მომდევნო შვიდი დღეც ეზეიმათ, და ეს შვიდი დღეც სიხარულში გაატარეს,
24რადგან იეხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ, კრებულს უბოძა ათასი კურატი და შვიდი ათასი ცხვარი, მთავრებმა კი უბოძეს კრებულს ათასი კურატი, ცხრა ათასი ცხვარი და გაინათლა მრავალი მღვდელი.
25ხარობდა იუდას მთელი კრებული, მღვდლები და ლევიანები, ისრაელიდან მოსული მთელი კრებული, ისრაელის ქვეყნიდან მოსული ხიზნები და იუდას მკვიდრნი.
26ისეთი დიდი სიხარული სუფევდა იერუსალიმში, რომლის მსგავსი სოლომონ დავითის ძის, ისრაელის მეფის, დღეების მერე არ ყოფილა იერუსალიმში.
27წამოდგნენ მღვდლები, ლევიანები და აკურთხეს ერი. შესმენილ იქნა მათი ხმა და აღევლინა მთელი ლოცვა მის წმიდა სამყოფლამდე, ცაში.
Next