Eleos

Contents

თავი - 24

Previous
1შვიდი წლის იყო იოაში, როცა გამეფდა, და ორმოცი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ციბაი, ბარშებადან.
2სწორად იქცეოდა უფლის თვალში იოაში იეჰოიადაყ მღვდლის სიცოცხლეში.
3ორი ცოლი მოუყვანა მას იეჰოიადაყმა და შეეძინა ძენი და ასულნი.
4ამის შემდეგ იოაშმა გულით მოიწადინა უფლის სახლის შეკეთება.
5შეკრიბა მღვდლები, ლევიანები და უთხრა: დაიარეთ იუდას ქალაქები და მთელ ისრაელში ვერცხლი მოაგროვეთ წლიდან წლამდე უფლის სახლის შესაკეთებლად. დააჩქარეთ ეს საქმე. მაგრამ ლევიანებმა არ დააჩქარეს.
6დაიბარა მეფემ იეჰოიადაყი, მათი თავკაცი, და უთხრა: რატომ არ მოსთხოვ ლევიანებს, რომ იუდასგან და იერუსალიმისგან აკრიბონ ის გადასახადი, რომელიც მოსემ, უფლის მორჩილმა და ისრაელის კრებულმა დაადგინეს სადღესასწაულო კარვისთვის?
7რადგან ურჯულო ღოთოლიამ და მისმა ვაჟებმა დააზიანეს ღვთის სახლი, და უფლის სახლის მთელი შემოწირულობა ბაალებს მოახმარეს.
8ბრძანა მეფემ და გააკეთეს ერთი კიდობანი. დადგეს იგი უფლის სახლის შესასვლელთან, გარეთ.
9გამოაცხადეს იუდაში და იერუსალიმში, რომ უფლისთვის მოეტანათ ის შესაწირავი, რომელიც მოსემ, ღვთის მორჩილმა, დაუწესა ისრაელს უდაბნოში.
10გაიხარა ყველა მთავარმა და მთელმა ერმა. მოდიოდნენ და ყრიდნენ კიდობანში, ვიდრე არ გაივსო.
11როდესაც ლევიანთა ხელით კიდობანს მეფის მოხელეებს წაუღებდნენ და ნახავდნენ რომ იგი სავსე იყო ვერცხლით, მოვიდოდნენ მეფის მწერალი და მღვდელმთავრის სანდო კაცი და გადმოაპირქვავებდნენ კიდობანს. მერე ისევ წაიღებდნენ და თავის ადგილზე დააბრუნებდნენ. ასე იქცეოდნენ დღიდან დღემდე და დიდძალი ვერცხლი დააგროვეს.
12ჩააბარებდნენ ამას მეფე და იეჰოიადაყი უფლის სახლის სამუშაოთა შემსრულებლებს. ისინი კი დაიქირავებდნენ ქვისმთლელებსა და დურგლებს, უფლის სახლის გასაახლებლად, რკინა-სპილენძის მჭედლებს უფლის სახლის გასამაგრებლად.
13იშრომეს სამუშაოს შემსრულებლებმა და მოამთავრეს შეკეთება მათი ხელით. აღადგინეს ღვთის სახლი თავისი წესის და რიგის მიხედვით და გაამაგრეს.
14როცა მორჩნენ, მეფესა და იეჰოიადაყს მიუტანეს დარჩენილი ვერცხლი. დაამზადეს მისგან უფლის სახლისთვის ჭურჭლეული - სამსახურებელი და აღსავლენისთვის საჭირო ჭურჭელი, თასები, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი. იეჰოიადაყის მთელი სიცოცხლის მანძილზე მუდამ აღავლენდნენ აღსავლენს უფლის სახლში.
15დაბერდა იეჰოიადაყი და გაძღა დღეებით და მოკვდა. ასოცდაათი წლისა იყო, როცა მოკვდა.
16დავითის ქალაქში დამარხეს იგი, მეფეთა გვერდით, რადგან სიკეთეს აკეთებდა ისრაელში ღვთისთვის და მისი სახლისთვის.
17იეჰოიადაყის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ იუდას მთავრები და თაყვანისცეს მეფეს. მაშინ გაუგონა მათ მეფემ.
18მიატოვეს უფლის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთის სახლი და დაუწყეს მსახურება აშერებსა და კერპებს. განრისხდა უფალი იუდაზე და იერუსალიმზე ამ დანაშაულის გამო.
19მოუვლინა წინასწარმეტყველები, რათა უფალს დაბრუნებოდნენ. ამხელდნენ ისინი, მაგრამ ყურს არ უგდებდნენ მათ.
20ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
21შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.
22არ გაიხსენა მეფე იოაშმა მადლი, რაც იეჰოიადაყმა, მამამისმა, უყო მას, და მოკლა მისი ვაჟი. როცა კვდებოდა, თქვა: იხილოს უფალმა და მოჰკითხოს!
23წელიწადი რომ შემოიქცა, წამოვიდა მის წინააღმდეგ არამის ლაშქარი, შეიჭრა იუდაში და იერუსალიმში და გაწყვიტა ხალხში ყველა ერისმთავარი. მთელი ნაალაფარი დამასკოს მეფეს გაუგზავნეს.
24მცირეოდენი ხალხით მოვიდა არამის ლაშქარი, მაგრამ უფალმა მათ ხელში დიდძალი ლაშქარი ჩააგდო, რადგან მიატოვეს უფალი, მამა-პაპის ღმერთი. იოაშს კი მსჯავრი დასდეს.
25როცა წავიდნენ მისგან და მძიმედ დასნეულებული მიატოვეს, შეითქვნენ მის წინააღმდეგ მისი მორჩილნი იეჰოიადაყ მღვდლის შვილის სისხლის ასაღებად და თავისსავე საწოლში მოკლეს. ასე მოკვდა იგი. დამარხეს დავითის ქალაქში, მაგრამ არა მეფეთა სამარხში.
26აჰა, მის წინააღმდეგ შეთქმულნი: ზაბადი, ძე შიმყათისა, ყამონელი დიაცისა, და იეჰოზაბადი, ძე შიმრითისა, მოაბელი დიაცისა.
27მისი ვაჟების, მასზე თქმული მრავალი ნაქადაგარის და ღვთის სახლის შეკეთების ამბავი მეფეთა წიგნის საკითხავშია ჩაწერილი. მის ნაცდლად მისი ძე, ამაციაჰუ გამეფდა.
Next