თავი - 23
Previous1მეშვიდე წელს ძალი მოიცა იეჰოიადაყმა და აიყვანა ასისთავები: ყაზარია იეროხამის ძე, იშმაყელ იეჰოყანანის ძე, ყაზარია ყობედის ძე, მაყასეია ყადაიას ძე და ელიშაფატ ზიქრის ძე.
2წავიდნენ ისინი იუდაში, შეკრიბეს ლევიანები იუდას ყველა ქალაქში და იერუსალიმში მოვიდნენ.
3აღთქმა დადო მთელმა კრებულმა მეფესთან ღვთის სახლში. უთხრა მათ იეჰოდაყმა: აჰა, უფლისწული უნდა გამეფდეს, როგორც უფალმა ბრძანა დავითის შთამომავლებზე.
4აი, ასე უნდა მოიქცეთ: თქვენგან ერთი მესამედი შაბათს შემომსვლელ მღვდელთაგან და ლევიანთაგან ზღურბლთა მცველები იქნებიან;
5მესამედი მეფის სასახლეში იქნება, მესამედი - იესოდის კარში, დანარჩენი ხალხი კი - უფლის სახლის ეზოებში.
6არავინ შევიდეს უფლის სახლში, გარდა მღვდლებისა და მომსახურე ლევიანებისა. ისინი შევიდნენ, რადგან განწმედილნი არიან. მთელი ხალხი კი უფლის სადარაჯოზე დადგეს.
7გარს უნდა შემოერტყნენ ლევიანები მეფეს იარაღით ხელში; ვინც სახლში შემოვა, მოკვდეს. ედექით მეფეს გამოსვლისას და შესვლისას.
8ყველაფერი ისე გააკეთეს ლევიანებმა და იუდამ, როგორც მათ იეჰოიადაყ მღვდელმა უბრძანა: წაიყვანეს თავ-თავისი ხალხი - შაბათს შემომსვლელნი შაბათს გამსვლელებთან ერთად, რადგან არ დაუთხოვია იეჰოიადაყ მღვდელს დასები.
9დაურიგა იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავებს შუბები, დიდი და მცირე ფარები, მეფე დავითს რომ ჰქონდა უფლის სახლში.
10დააყენა მთელი ხალხი, თითოეული თავის იარაღით ხელში, სახლის მარჯვენა ფრთიდან მარცხენა ფრთამდე, სამსხვერპლოსთან და სახლთან, მეფის ირგვლივ.
11გამოიყვანეს უფლისწული, დაადგეს შარავანდი და მისცეს მოწმობა. გაამეფეს იგი და სცხეს მირონი იეჰოიადაყმა და მისმა ვაჟებმა, თქვეს: იცოცხლოს მეფემ!
12შემოესმა ღოთოლიას ხალხის ჩოჩქოლი, რომ მორბოდნენ და მეფეს ადიდებდნენ, და გაჰყვა ხალხს უფლის სახლისკენ.
13და აჰა, დაინახა, შესასვლელთან, თავის სვეტთან, დგას მეფე. მეფის გვერდით სარდლები და მესაყვირენი იყვნენ, მთელი ქვეყნის ერი ხარობდა და საყვირებს აყვირებდა, მგალობელნი კი სამუსიკო საკრავებით ქება-დიდებას უძღვებოდნენ. მაშინ შემოიხია სამოსელი ღოთოლიამ და იყვირა: ღალატია, ღალატი!
14გაიხმო იეჰოიადაყ მღვდელმა ასისთავები, ჯარის მეთაურნი, და უთხრა: კარში გაიყვანეთ. ვინც უკან გაჰყვება მახვილით მოკალით, რადგან იფიქრა მღვდელმა, უფლის სახლში არ მოკლანო.
15გზა მისცეს და წავიდა სახლისკენ ცხენთა შესასვლელით და იქ მოკლეს.
16დადო იეჰოიადაყმა აღთქმა თავისთავსა, მთელ ერსა და მეფეს შორის, რათა ისინი უფლის ერი გამხდარიყვნენ.
17შევიდა მთელი ხალხი ბაალის სახლში და დაანგრია სამსხვერპლოანად, დალეწეს მისი გამოსახულებანი და მოკლეს მათანი, ბაალის ქურუმი, სამსხვერპლოების წინ.
18უფლის სახლის საქმენი იეჰოიადაყმა იმ მღვდლებს - ლევიანებს ჩააბარა, რომლებიც დავითმა უფლის სახლში გაამწესა უფლისთვის აღსავლენის შესწირად, როგორც მოსეს რჯულში წერია, სიხარულითა და გალობით, დავითის განაწესის მიხედვით.
19მცველები ჩააყენა უფლის სახლის კარში, რათა რაიმეთი გაუწმიდურებული არ შესულიყო.
20წამოიყვანა ასისთავები, დიდებულები, ერისმთავრები, ქვეყნის მთელი ხალხი, და გაჰყვა მეფეს უფლის სახლიდან, ზემო ჭიშკრის გავლით, მეფის სასახლემდე, დასვეს მეფე სამეფო ტახტზე.
21გამხიარულდა მთელი ქვეყნის ერი და დაწყნარდა ქალაქი. ხოლო ღოთოლია მახვილით მოკლეს.
Next