Eleos

Contents

თავი - 22

Previous
1იერუსალიმის მცხოვრებლებმა მის ნაცვლად მისი უმცროსი ვაჟი ახაზია გაამეფეს, რადგან უფროსები ბანაკში შემოჭრილმა არაბებმა გაჟლიტეს. გამეფდა ახაზია, იუდას მეფის, იორამის ვაჟი.
2ორმოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ყომრის ასული.
3ისიც აქაბის სახლის გზით დადიოდა, ვინაიდან დედამისი ურჩევდა ბოროტის ქმნას.
4უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, აქაბის სახლის მსგავსად, რადგან ისინი იყვნენ მისი მრჩევლები, მისდა საუბედუროდ.
5მათივე რჩევით დადიოდა და გაჰყვა იორამ აქაბის ძეს, ისრაელის მეფეს, არამის მეფესთან, ხაზაელთან საბრძოლველად გალაადის რამოთში; დაჭრეს არამელებმა იორამი.
6მობრუნდა, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობებისთვის, რომლებიც მიაყენეს, როცა ხაზაელს, არამის მეფეს ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
7ღვთისგან იყო ახაზიას დაღუპვა იორამთან მისვლით. მისვლისთანავე იორამთან ერთად რომ გაილაშქრა იეჰუ ნიმშის ძეზე, რომელსაც უფალმა სცხო ახაბის სახლის დასაქცევად.
8როცა იეჰუ მსჯავრს სდებდა ახაბის სახლს, მოძებნა იუდას მთავარნი და ახაზიას ძმისწულნი, ახაზიას რომ ემსახურებოდნენ, და დახოცა ყველანი.
9მოძებნა ახაზიაც და შეიპყრეს იგი, როცა სამარიაში იმალებოდა, და მიჰგვარეს იეჰუს. მერე მოკლეს და დამარხეს, რადგან თქვეს: შვილია იოშაფატისა, რომელიც მთელი გულით ეძებდა უფალს. აღარავინ დარჩა ახაზიას სახლში, მეფობა რომ შესძლებოდა.
10როცა ღოთოლიამ, ახაზიას დედამ დაინახა, რომ მოკვდა მისი ვაჟი, ადგა და გაწყვიტა იუდას სახლის მთელი სამეფო მოდგმა.
11მაგრამ იეჰოშაბყათმა, მეფის ასულმა, აიყვანა იოაში, ახაზიას ვაჟი, და მოარიდა დასახოცავად განწირულ უფლისწულებს და თავის ძიძასთან ერთად საწოლ ოთახში გადამალა. იეჰოშაბყათმა, მეფე იორამის ასულმა, იეჰოიადაყ მღვდლის ცოლმა, ახაზიას დამ, გადამალა იგი ღოთოლიასგან და ვერ მოკლეს.
12ექვს წელს იმალებოდა მასთან ერთად ღვთის სახლში, ხოლო ქვეყანაზე ღოთოლია მეფობდა.
Next