Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1განისვენა იოშაფატმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში და მის ნაცვლად მისი ძე, იორამი გამეფდა.
2ჰყავდა ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იესელი, ზექარიაჰუ, ყაზარიაჰუ, მიქაელი, შეფატიაჰუ, ესენი არიან იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი.
3მათმა მამამ დიდძალი საჩუქარი მისცა მათ - ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, იუდას ციხე-ქალაქებთან ერთად. სამეფო კი იორამს უბოძა, რადგან იგი პირმშო იყო.
4დაიჭირა მამამისის სამეფო იორამმა, და როცა გაძლიერდა, მახვილით დახოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.
5ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
6ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
7მაგრამ არ უნდოდა უფალს დავითის სახლის დაქცევა იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეპირდა, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.
8მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
9გაემართა იორამი თავისი სარდლებით და მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ და ეტლის მეთაურებს.
10განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმხანადვე განუდგა ლიბნაც იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი.
11მანაც მოაწყო გორაკები იუდას მთებში. მან გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.
12წერილი მიუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა, ასე ამბობსო უფალი, მამაშენის დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ შენ არ დაადექი მამაშენის იოშაფატის გზას და იუდას მეფის, ასას გზას,
13არამედ ისრაელის მეფეთა გზას დაადექი, გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი აქაბის სახლის გარყვნილების მსგავსად, თანაც შენზე უკეთესი შენი ძმები - მამაშენის სახლი ამოწყვიტე,
14აჰა, უფალი სასტიკად მოსრავს შენს ხალხს, შენს ვაჟებსა და ცოლებს, მთელს შენს საბადებელს.
15შენ კი მძიმე სენს შეგყრის ნაწლავთა სენს, ისე რომ ნაწლავები სნეულების გამო დღე და დღე გარეთ გამოგივა.
16აღძრავს უფალი იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სულს, ქუშელთა მეზობლად რომ არიან.
17გაილაშქრეს იუდაზე, შეიჭრნენ მასში და ხელში ჩაიგდეს მთელი დოვლათი, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, აგრეთვე მისი ვაჟები და ცოლები. ვაჟი აღარ დარჩა, იოახაზის ძეთა შორის უმრწემესის გარდა.
18ყოველივე ამის შემდეგ დასცა უფალმა იგი უკურნებელი სენით.
19ასე იყო დღე და დღე. მეორე წლის ბოლოს კი გამოუვიდა ნაწლავები სენისაგან და საშინელ ტანჯვაში მოკვდა. მისმა ხალხმა არ დაუნთო კოცონი. როგორც მის მამა-პაპას დაუნთო.
20ოცდათორმეტი წლის იყო იგი, რომ გამეფდა. და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არ დანანებიათ. დამარხეს დავითის ქალაქში, სამეფო სამარხში.
Next