Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1ამის შემდეგ იყო, რომ მოვიდნენ მოაბიანები და ყამონიანები (ყამონელნიც მათთან იყვნენ) იოშაფატის წინააღმდეგ საბრძოლველად.
2მოვიდნენ, ამბავი მიაუტანეს იოშაფატს და უთხრეს: დიდი ურდო გადმოვიდა შენს წინააღმდეგ საბრძოლველად ზღვის გაღმიდან და არამიდან. აჰა, ისინი ხაცეცონ-თამარში არიან, ყენ-გედიში.
3შეშინდა იოშაფატი და შესაკითხად უფალს მიმართა. მთელ იუდაში მარხვა გამოაცხადა.
4შეიკრიბა იუდა უფლისგან შემწეობის სათხოვრად. იუდას ყველა ქალაქიდან მოვიდნენ უფლის საძიებლად.
5წარდგა იოშაფატი იუდასა და იერუსალიმის კრებულში, უფლის სახლში, ახალი ეზოს წინ,
6და თქვა: უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, განა შენ არა ხარ ღმერთი ზეცაში? განა შენ არ ბატონობ ხალხთა ყველა სამეფოში? შენს ხელთ არის ძალა და სიმტკიცე. არავინ არის, წინ რომ აღგიდგეს.
7განა შენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი შენი ერის, ისრაელის თვალწინ? განა შენ არ მიეცი იგი სამარადისოდ შენი მოყვასის, აბრაამის მოდგმას?
8დამკვიდრდნენ იქ, საწმიდარი აგიშენეს შენს სახელზე და თქვეს:
9თუ თავს რამე უბედურება დაგვატყდება, მახვილი იქნება. მსჯავრი, ჭირი თუ შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენს წინაშე, რადგან შენი სახელია ამ სახლში, და მოგიხმობთ ჩვენს გასაჭირში, შენ კი მოისმენ და გვიხსნი.
10აჰა, ახლა ყამონიანები და მოაბი, სეყირის მთიელები, მათზე გავლის ნება რომ არ დართეს ისრაელიანებს, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მათ გვერდი აუარეს და არ გაანადგურეს ისინი.
11ახლა სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ მოვიდნენ ჩვენი სამკვიდრებლის წასართმევად, რომელიც შენ დაგვიმკვიდრე.
12ჩვენო ღმერთო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენკენაა ჩვენი თვალი მოპყრობილი.
13მთელი იუდა უფლის წინაშე იდგა, თავიანთი ჩვილებით, ცოლებითა და ვაჟებით.
14მაშინ გადმოვიდა შუაგულ კრებულში ღვთის სული იეხაზიელზე, ძეზე ზაქარიასი, ძისა ბენაიასი, ძისა იეყიელისა, ძისა მათანიასი, ლევიანზე ასაფიანთაგან.
15და თქვა: ყური მიგდე, მთელო იუდავ, იერუსალიმის მცხოვრებნო, მეფე იოშაფატ! ასე გეუბნებათ უფალი: ნუ გეშინიათ და ნუ შეძრწუნდებით ამ უზარმაზარი ურდოს წინაშე, რადგან თქვენ კი არ გმართებთ ომი, არამედ ღმერთს.
16ხვალ დაეშვით მათკენ. აჰა, ისინი ჰაციცის მაღლობზე ამოდიან. ხევის ბოლოში წააწყდებით მათ, იერუელის უდაბნოს წინ.
17ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადქით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას. იუდავ და იერუსალიმო! ნუ გეშინიათ და ნუ ძრწიხართ. ხვალ გახვალთ მის წინააღმდეგ და უფალი იქნება თქვენთან.
18იოშაფატი პირქვე დაემხო მიწაზე. მთელი იუდა და იერუსალიმის მცხოვრებნი უფლის წინაშე დაემხვნენ უფლის თაყვანისცემად.
19წამოიმართნენ ლევიანები კეჰათიანთაგან და კორახიანთაგან, რათა მაღალი ხმით ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
20ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
21დაეთათბირა ხალხს და დაუყენა უფალს მგალობელნი, წმიდა სამოსელში გამოწყობილნი, რომ ექოთ უფალი შეიარაღებულთა წინ გამოსვლისას, ეთქვათ: ადიდეთ უფალი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
22იმ დროს, როცა დაიწყეს ყიჟინა და სიმღერა, უფალმა ალყაში მოაქცია იუდას წინააღმდეგ მოსული ყამონიანები, მოაბიანები და სეყირის მთიელები და გაანადგურა.
23აღდგენ ყამონიანებზე, მოაბიანებზე და სეყირის მთის მცხოვრებლებზე მათ დასახოცად და ამოსაწყვეტად. როცა სეყირის მცხოვრებთ მოუღეს ბოლო, ერთმანეთს დაერივნენ დასახოცად.
24ავიდა იუდა უდაბნოს ბორცვზე, გადახედა ურდოს, და აჰა, გვამები ყრია მიწაზე!
25მივიდნენ იოშაფატი და მისი ხალხი მათთან ნადავლისთვის და იპოვეს დიდძალი ქონება, სამოსელი, საუცხოო ჭურჭელი. იმდენი შეაგროვეს, რომ წაღება აღარ შეეძლოთ. სამ დღეს ეზიდებოდნენ ნადავლს, იმდენი იყო.
26მეოთხე დღეს კურთხევის ველზე შეიკრიბბენ, რადგან იქ აკურთხეს უფალი. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს კურთხევის ველს.
27გამობრუნდა მთელი იუდა და იერუსალიმი იოშაფატის მეთაურობით, რათა გახარებულები დაბრუნებულიყვნენ იერუსალიმში, რადგან უფალმა გაახარა ისინი მტრებზე.
28შევიდნენ იერუსალიმში ქნარებით, ბობღნებითა და საყვირვბით უფლის სახლისკენ.
29შიში დაეცათ ქვეყანათა ყველა სამეფოს, როცა გაიგეს, რომ ისრაელის მტრებს უფალი ებრძოდა.
30მოისვენა იოშაფატის სამეფომ, სიმშვიდე უბოძა მას ირგვლივ თავისმა ღმერთმა.
31და მეფობდა იოშაფატი იუდაზე. ოცდათხუთმეტი წლისა იყო იოშაფატი, როცა გამეფდა, და ოცდახუთ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო ყაბუზა, შილხის ასული.
32თავისი მამის, ასას გზას ადგა და არ უხვევდა მისგან. სწორად იქცეოდა უფლის თვალში.
33ოღონდ გორაკები არ იყო გაუქმებული. და ხალხსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა მტკიცედ მობრუნებული გული თავიანთი მამა-პაპის ღმერთისკენ.
34იოშაფატის დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, ჩაწერილია იეჰუ ხანანის ძის მატიანეში, რომელიც შეტანილია ისრაელის მეფეთა წიგნში.
35ამის შემდეგ იოშაფატ იუდას მეფემ კავშირი შეკრა ახაზიასთან, ისრაელის მეფესთან, რომელიც უკუღმართად იქცეოდა.
36მასთან კავშირი იმიტომ შეკრა, როძ ხომალდები აეგო თარშიშში წასასვლელად. ხომალდები ყეციონ-გაბერში ააგეს.
37იწინასწარმეტყველა იოშაფატზე ელიყეზერ დოდანის ძემ, მარეშელმა, და თქვა: რაკი კავშირი შეჰკარი ახაზიასთან, ამიტომ უფალი ჩაფუშავს შენს საქმეს. და დაილეწა ხომალდები და ვეღარ შესძლეს თარშიშში წასვლა.
Next