თავი - 19
Previous1მშვიდობით დაბრუნდა იოშაფატ იუდას მეფე სახლში, იერუსალიმში.
2გამოეგება მისანი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: განა შეგშვენოდა უღვთო კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება თავს.
3თუმცაღა კეთილი საქმეებიც აღმოგაჩნდა, რადგან მოსპე აშერები ქვეყნიდან და გული მოამზდე ღვთის საძიებლად.
4ცხოვრობდა იოშაფატი იერუსალიმში. კვლავ გავიდა ხალხში, ბერშებადან ეფრემის მთამდე და მოაქცია იგი უფლისკენ, მამა-პაპის ღმერთისკენ.
5მსაჯულები დააყენა ქვეყანაში, იუდას ყველა ციხე-ქალაქში, ყოველ ქალაქში.
6უთხრა მსაჯულებს: დაუკვირდით რას აკეთებთ, რადგან კაცისთვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფლისთვის. იგი თქვენთან არის სამსჯავროზე.
7უფლის შიში იქონიეთ, ფრთხილად მოიქეცით, რადგან უფალთან, ჩვენს ღმერთთან, არ არის უსამართლობა, თვალთმაქცობა და ანგარება.
8იერუსალიმში უფლის მსჯავრის გამოსატანად და დავის გადასაწყვეტად დააყენა ლევიანთაგანნი, მღვდელნი და ისრაელის მამისსახლთა თავკაცნი და დაბრუნდნენ იერუსალიმს.
9უბრძანა მათ და უთხრა: ასე აკეთეთ საქმე უფლისმოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით.
10ყველა სადაო საქმე, რომელიც კი შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან, თქვენს ქალაქებში რომ ცხოვრობენ, სასისხლო იქნება ეს თუ რჯულის, მცნების, წესებისა და კანონების საქმე, გააფრთხილეთ, რომ უფალს არ შესცოდონ და თქვენც, თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე მოიქეცით და არ შესცოდავთ.
11აჰა, მღვდელმთავარი ამარიაჰუ გეყოლებათ ყველა საუფლო საქმეში და ზებადიაჰუ იშმაყელის ძე, იუდას სახლის წინამძღოლი, ყველა სამეფო საქმეში. ზედამხედველებად ლევიანები იქნებიან თქვენს წინაშე. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ, და კეთილთან იქნება უფალი.
Next