Eleos

Contents

თავი - 25

Previous
1ოცდახუთი წლისა იყო ამაციაჰუ, რომ გამეფდა, და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი, იერუსალიმიდან.
2სწორად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არა მთელი გულით.
3როცა გაუმტკიცდა მეფობა, დახოცა თავისი მორჩილნი, რომელთაც მოკლეს მეფე, მამამისი.
4მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, რადგან სწერია მოსეს რჯულის წიგნში, უფლის ბრძანებისამებრ: არ უნდა მოიკლან მამები შვილთა გამო და შვილები მამათა გამო არ უნდა მოიკლან, არამედ თითოეული თავისი დანაშაულისაოვის უნდა მოიკლას.
5შეკრიბა ამაციაჰუმ იუდა და დააყენა მამისსახლების, ათასისთავების და ასისთავების მიხედვით მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოცი წლის ასაკს გადაცლებულნი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, ლაშქრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
6ას ქანქარ ვერცხლად იქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი მებრძოლი.
7მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, არცერთთან ეფრემიანთაგან.
8მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
9უთხრა ამაციაჰუმ ღვთისკაცს: მაშ, ას ქანქარს რაღა ვუყო, რომელიც უკვე მივეცი ისრაელის მოქირავნეებს? მიუგო ღვთისკაცმა: უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს.
10გამოაცალკევა ამაციაჰუმ ჯარი, ეფრემიდან რომ მოუვიდა, თავიანთ ადგილზე დასაბრუნებლად. ძალიან განრისხდნენ იუდაზე და გაცეცხლებულნი დაბრუნღნენ თავიანთ ადგილას.
11ძალი მოიცა ამაციაჰუმ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირიანი ამოხოცა.
12ათი ათასი კაცი ცოცხლად ჩაიგდეს ტყვედ და წამოასხეს იუდიანებმა. აიყვანეს კლდის წვერზე და გადმოყარეს კლდის წვერიდან. ყველანი ერთიანად გაწყდნენ.
13ხოლო ლაშქარი, რომელიც უკან გააბრუნა, რომ საომრად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე. სამი ათასი კაცი დახოცეს და დიდძალი ნაძარცვი დახვეტეს.
14როცა დაბრუნდა ამაციაჰუ ედომელების განადგურების შემდეგ, წამოასხა სეყირიანთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა. მათ სცემდა თაყვანს და უკმევდა.
15განურისხდა უფალი ამაციაჰუს. მიუვლინა წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომელთაც ვერ იხსნეს ეგ ხალხი შენი ხელიდან?
16როცა ამას ეუბნებოდა, უთხრა მას მეფემ: რაო, მეფის მრჩევლად დაგაყენეს? შეწყვიტე. რისთვის უნდა მოაკლევინო თავი? შეწყვიტა წინასწარმეტყველმა და თქვა: ვიცი, შენი დაღუპვა გადაწყვიტა უფალმა, რადგან ასე გააკეთე და არ გაიგონე ჩემი რჩევა.
17ითათბირა ამაციაჰუ იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იეჰოახაზ იაჰუს ძის ძეს ისრაელის მეფეს, და შეუთვალა: მოდი, მოვსინჯოთ ერთმანეთი.
18შემოუთვალა იოაშმა ისრაელის მეფემ, ამაციაჰუს, იუდას მეფეს: ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის ნაძვს: ცოლად მიათხოვე შენი ასული ჩემს ვაჟს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
19ამბობ, ედომი დავამარცხეო, და აჰა, გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენ სახლში. რისთვის სტეხ შფოთს? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად.
20ყური არ ათხოვა ამაციაჰუმ, რადგან ღვთისგან იყო ეს, რომ მტრის ხელში ჩავარდნილიყო, რაკი ედომელთა ღმერთები მოძებნა.
21მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე, და მოსინჯეს ერთმანეთი, მან და ამაციაჰუმ, იუდას მეფემ, ბეთ-შემეშთან, იუდაში რომ არის.
22დამარცხდნენ იუდაელები ისრაელიანებთან და თავთავის კარვებში გაიფანტნენ.
23ხოლო ამაციაჰუ, იუდას მეფე, ძე იოაშ ახაზიაჰუს ძისა, შეიპყრო იოაშ ისრაელის მეფემ ბეთ-შემეშში და მიადგა იერუსალიმს. დაანგრია იერუსალიმის კედელი ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
24გაზიდა მთელი ოქრო-ვერცხლი, მთელი ჭურჭელი რაც კი უფლის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, და მეფის სახლის საგანძური. აიყვანა მძევლები და გაბრუნდა სამარიას.
25ისრაელის მეფის, იოაშ იეჰოახაზის ძის, სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ.
26ამაციაჰუს დააარჩენი საქმეები - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი.
27მას შემდეგ, რაც ამაციაჰუ უფალს განუდგა, შეითქვნენ მის წინააღმდეგ იერუსალიმში, და მან თავი შეაფარა ლაქიშს. მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და იქ მოკლეს.
28წამოასვენეს ცხენებით და დამარხეს თავის მამა-პაპის გვერდით იუდას ქალაქში.
Next