Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1ასას მეფობის ოცდამეთექვსმეტე წელს ამხედრდა ისრაელის მეფე ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და ააშენა რამა, რათა შეეწყვიტა მისვლა-მოსვლა ასასთან, იუდას მეფესთან.
2გამოიტანა ასამ ვერცხლი და ოქრო უფლის სახლისა და მეფის სახლის საგანძურებიდან. გაუგზავნა ბენჰადადს, არამის მეფეს, დამასკოში რომ იჯდა, და შეუთვალა:
3იყოს კავშირი ჩვენს შორის, როგორც ჩვენს მამებს შორის იყო. აჰა, გიგზავნი ვერცხლსა და ოქროს. წადი და გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, და ჩამომეხსნება.
4დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები, ვინც ჰყავდა, ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. დალაშქრეს ყიონი, დანი, აბელ-მაიმი და ნაფთალის ყველა სამარაგო ქალაქი.
5ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და შეაჩერა თავისი საქმე.
6შეკრიბა მეფე ასამ მთელი იუდა და გადაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რითაც ბაყაშა აშენებდა. ააშენა ამით გებაყი და მიცფა.
7იმ დროს მივიდა მეფე ასასთან მისანი ხანანი და უთხრა: არამის მეფეს რომ მიენდე და არ მიენდე უფალს, შენს ღმერთს, ამის გამო გადაურჩა არამის ჯარი შენ ხელს.
8განა ქუშელთა და ლუბიელთა ლაშქარი დიდი არ იყო, მრავლის უმრავლესი ეტლი და მხედარი არ ჰყავდათ? მაგრამ უფალს რომ იყავი მინდობილი, ამიტომაც ჩაგიგდო ისინი ხელში.
9რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.
10განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
11ასას პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნში.
12თავისი მეფობის ოცდამეცხრამეტე წელს ასას ფეხები დაუსნეულდა. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, მაგრამ თავის სნეულებაშიც კი არ ეძებდა უფალს, არამედ მკურნალებს.
13განისვენა ასამ თავის მამა-პაპასთან; მოკვდა თავისი მეფობის ორმოცდამეერთე წელს.
14დამარხეს მის სამარხში, თავისთვის რომ გაიმზადა, დავითის ქალაქში. დაასვენეს იგი სარეცელზე, რომელიც აავსეს კეთილსურნელებითა და მენელსაცხებლეთა ხელობით დამზადებული ნაირნაირი ნელსაცხებლებით. და დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი.
Next