თავი - 12
Previous1როცა გამტკიცდა რობოამის მეფობა და გაძლიერდა, მაშინ მიატოვა მან უფლის რჯული და მასთან ერთად მთელმა ისრაელმა.
2რობოამის მეფობის მეხუთე წელს მოუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს, რადგან შესცოდეს უფალს.
3ათას ორასი ეტლით, სამოცი ათასი მხედრით, მათან ერთად ურიცხვი ხალხი მოვიდა ეგვიპტიდან - ლიბიელები, სუქიელები, ქუშელები.
4აიღო იუდას გამაგრებული ქალაქები და იერუსალიმს მიადგა.
5მაშინ წინასწარმეტყველი შემაყია მივიდა რობოამთან და შიშაკს გარიდებულ, იერუსალიმში თავშეყრილ იუდას მთავრებთან, და უთხრა მათ: ასე ამბობს უფალი: რაკი თქვენ მიმატოვეთ, ახლა მეც მიგატოვებთ შიშაკის ხელში.
6დამორჩილდნენ ისრაელის მთავრები და მეფე, თქვეს: მართალია უფალი.
7როცა დაინახა უფალმა, რომ დამორჩილდნენ, გამოეცხადა უფლის სიტყვა შემაყიას და უთხრა: დამმორჩილდნენ ისინი, აღარ მოვსპობ, სულ მალე გამოვიხსნი და აღარ დაატყდება იერუსალიმს ჩემი რისხვა შიშაკის ხელით.
8მაგრამ მისი ყმები გახდებიან, რათა იცოდნენ როგორია ჩემი ყმობა და ამქვეყნიური მეფეების ყმობა.
9მიუხდა შიშაკი, ეგვიპტის მეფე, იერუსალიმს და წაიღო უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობა, ყველაფერი წაიღო. წაიღო ოქროს ფარებიც, სოლომონმა რომ გააკეთა.
10დაამზადა მეფე რობოამმა მათ ნაცვლად სპილენძის ფარები და ჩააბარა მცველთა უფროსებს, რომელნიც სამეფო სახლის შესასვლელს დარაჯობდნენ.
11ყოველთვის, როცა მეფე უფლის სახლში შედიოდა, მცველებს მოჰქონდათ ისინი, და მერე ისევ აბრუნებდნენ მცველების ოთახში.
12რაკი დამორჩილდა, გაბრუნდა უფლის რისხვა მისგან და საბოლოოდ აღარ დაიღუპა. იუდაშიც კარგი ამბები იყო.
13გამტკიცდა მეფე რობოამი იერუსალიმში და მეფობდა. ორმოცდაერთი წლის იყო რობოამი, რომ გამეფდა, და ჩვიდმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც უფალმა თავისი სახელის სამკვიდრებლად ამოარჩია ისრაელის ყველა ტომში. დედამისს ერქვა ნაყამა ყამონელი.
14ბოროტებას ჩადიოდა, რადგან მთელი გულმოდგინებით არ ეძებდა უფალს.
15რობოამის პირველი და უკანასკნელი ამბები ჩაწერილია წინასწარმეტყველ შემაყიასა და ყიდო მხილველის მატიანეში, საგვარტომო ნუსხის მიხედვით. გამუდმებული ომი იყო რობოამსა და იერობოამს შორის.
16განისვენა რობოამმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად აბია, მისი ძე გამეფდა.
Next