Eleos

Contents

თავი - 13

Previous
1იერობოამის მეფობის მეთვრამეტე წელს აბია გამეფდა იუდაზე.
2სამ წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო მიქაიაჰუ, აბესალომის ასული, გიბყადან. ომი იყო ამტყდარი აბიასა და იერობოამს შორის.
3აბიამ ომში მამაც მებრძოლთაგან ოთხასი ათასი რჩეული ვაჟკაცი გამოიყვანა. იერობოამი კი მათ წინააღმდეგ საომრად რვაასი ათასი რჩეული და მამაცი მეომრით გამოვიდა.
4დადგა აბია ცემარაიმის მთაზე, ეფრემის მთებში რომაა, და თქვა: მისმინეთ, იერობიაამ და მთელო ისრაელო!
5განა არ იცით, რომ უფალმა, ისრაელის ღმერთმა, დავითსა და მის ძეებს მარილის აღთქმით მისცა მეფობა ისრაელზე სამარადჟამოდ?
6მაინც აღსდგა იერობოამ ნაბატის ძე, სოლომონ დავითის ძის მორჩილი, და გაილაშქრა თავისი ბატონის წინააღმდეგ.
7შემოიკრიბა თავის ირგვლივ უღირსი, უგვანი ხალხი, და სძლიეს რობოამ სოლომონის ძეს. რობოამი ყმაწვილი იყო და გულმხდალი, ამიტომ ვერ გაუძლო მათ.
8ახლა თქვენ ფიქრობთ, გაუმკლავდეთ უფლის სამეფოს, რომელიც დავითის ძეთა ხელშია. თქვენ ჩვენზე ბევრად მეტნი ხართ და თქვენთან არის ოქროს ხბოები, იერიაბოამმა რომ ღმერთებად დაგიყენათ.
9განა თქვენ არ გამორეკეთ უფლის მღვდლები - აარონის ძენი და ლევიანები? განა თქვენ არ იყავით, რომ მღვდლები სხვა ქვეყნების ხალხთა მსგავსად გაიჩინეთ? ყველა, ვინც თავის საკურთხევლად მოდის კურატითა და შვიდი ბატკნით, ცრუღმერთის მღვდელი ხდება.
10ჩვენ კი უფალი, ჩვენი ღმერთი გვყავს. არ მიგვიტოვებია იგი. მღვდლები უფალს ემსახურებიან, აარონის ძენი და ლევიანები თავიანთ საქმეზე დგანან.
11დილა-საღამოობით უფლისთვის აღსავლენს აღავლენენ, სურნელებას აკმევენ, საწირ პურს სუფთა ტაბლაზე აწყობენ, ანთებენ ლამპრებს ოქროს სასანთლეზე, ღამ-ღამობით რომ ენთონ, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის მცნებებს ვასრულებთ, თქვენ კი მიატოვეთ ისინი.
12აჰა, ღმერთი და მისი მღვდლები ჩვენთან არიან და სათავეში გვიდგანან, მომარჯვებული გვაქვს მქუხარე საყვირები, თქვენს წინააღმდეგ დასაყვირებლად, ისრაელიანებო! არ გაბედოთ უფალთან, თქვენი მამა-პაპის ღმერთოან ბრძოლა, რადგან არ მოგემართებათ ხელი.
13ამასობაში იერობოამმა უკან ჩაუსაფრა მათ ხალხი, თვითონ იუდაელთა წინ იყვნენ, საფარი კი მათ უკან ეყენათ.
14თვალი მოავლო იუდამ და, აჰა, წინიდან და უკნიდან ომია გაჩაღებული. მაშინ მოუხმეს მათ უფალს და მღვდლებმაც ჩაჰბერეს საყვირებს.
15შეჰღაღადეს იუდაელებმა. როდესაც იუდაელებმა შეჰღაღადეს, ღმერთმა დაამარცხა იერობოამი და მთელი ისრაელი აბიასა და იუდას წინაშე.
16გაურბოდნენ ისრაელის ძეები იუდას, მაგრამ ღმერთმა მათ ხელში ჩაყარა ისინი.
17სძლია მათ აბიამ და მისმა ხალხმა დიდი ძლევით. ხუთასი ათასი მკვდარი დაეცა ისრაელის რჩეულ ვაჟკაცთაგან.
18მაშინ მოდრკნენ ისრაელიანები, იუდაელები კი გაძლიერდნენ, რადგან მინდობილნი იყვნენ უფალზე, თავიანთი მამა-პაპის ღმერთზე.
19გაედევნა აბია იერობოამს და წაართვა ქალაქები: ბეთ-ელი თავისი დაბებით, იეშანა თავისი დაბებით, ყეფრაინი თავისი დაბებით.
20ვეღარ მოიკრიბა იერობოამმა ძალა აბიაჰუს დღეებში, დაჰკრა მას უფალმა და მოკვდა იგი.
21აბიაჰუ კი გამტკიცდა და თოთხმეტი ცოლი შეირთო. შეეძინა ოცდაორი ვაჟი და თექვსმეტი ქალი.
22აბიას დანარჩენი ამბები, საქმეები და მისი სიტყვები აღწერილია ყიდო წინასწარმეტყველის წიგნში.
23განისვენა აბიამ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს დავითის ქალაქში. მის ნაცვლად ასა, მისი ძე, გამეფდა.
Next