Eleos

Contents

თავი - 11

Previous
1მოვიდა რობოამი იერუსალიმში და შეჰყარა იუდასა და ბენიამინის მთელი სახლი - ასოთხმოცი ათასი რჩეული მეომარი, რათა შებრძოლებოდნენ ისრაელს და მეფობა დაებრუნებინათ რობოამისთვის.
2გამოეცხადა ღვთის სიტყვა შემაყიას, ღვთისკაცს:
3ასე უთხარი რობოამ სოლომონის ძეს, იუდას მეფეს, მთელ ისრაელს და იუდასა და ბენიამინის მთელ სახლს:
4ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გახვალთ საბრძოლველად თქვენს ძმებთან! თავ-თავის სახლში გაბრუნდეს ყველა, რადგან ჩემი ნებით მოხდა ეს ამბავი. ისმინეს უფლის სიტყვა და იერობოამთან საომრად გასულნი უკან გაბრუნდნენ.
5რობოამი იერუსალიმში ცხოვრობდა და ციხე-სიმაგრეებად აქცია ქალაქები იუდაში.
6მან ააშენა: ბეთლემი, ყეტამი, თეკოაყი,
7ბეთ-ცური, სოქო, ყადულამი,
8გათი, მარეშა, ზიფი,
9ადორაიმი, ლაქიში, ყაზეკა,
10ცარყა, აიალონი, ხებრონი - გამაგრებული ქალაქები, იუდასა და ბენიამინს რომ ეკუთვნოდა.
11გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
12ყველა ქალაქს ფარ-შუბები ჩამოურიგა და ძლიერ გაამაგრა. მის ხელში იყო იუდა და ბენიამინი.
13მღვდლები და ლევიანები, ვინც კი იყო მთელს ისრაილში, თავ-თავიანთი საზღვრებიდან შეუდგნენ მას.
14ვინაიდან ტოვებდნენ ლევიანები თავიანთ სანახებს, სამფლობელოებს და მიდიოდნენ იუდაში და იერუსალიმში, რადგან იერობოამი და მისი ძენი უშლიდნენ მათ უფლის მღვდლობას.
15დაიყენა მღვდლები გორაკებისთვის, ციკნებისთვის და ხბორებისთვის, თვითონ რომ გააკეთა.
16მათ მიჰყვნენ ისრაელის ყველა ტომიდან, ვინც გულით ეძებდა უფალს, ისრაელის ღმერთს. ისინი მოვიდნენ, რომ მსხვერპლი შეეწირათ უფლისთვის, თავიანთი მამა-პაპის ღმერთისთვის.
17გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
18რობოამმა ცოლად შეირთო მახალათი, იერიმოთ დავითის ძის ასული და აბიხაილი, ელიაბ იესეს ძის ასული.
19უშვა მას ვაჟები: იეყუში, შემარია და ზაჰამი.
20ამის შემდეგ შეირთო მაყაქა, აბესალომის ასული. უშვა მას: აბია, ყათაი, ზიზა, შელომითი.
21რობოამს ყველა თავის ცოლზე და ხარჭაზე მეტად უყვარდა რეხაბყამი, სოლომონის ასული. რადგან თვრამეტი ცოლი და სამოცი ხარჭა ჰყავდა, შეეძინა ოცდარვა ვაჟი და სამოცი ქალი.
22დააყენა უფროსად რობოამმა აბია, მაყაქას ვაჟი, წინამძღოლად თავის ძმებში, რადგან მისი გამეფება ეწადა.
23გონივრულად მოიქცა და ყველა თავისი შვილი იუდასა და ბენიამინის ყველა კუთხეში და ყველა გამაგრებულ ქალაქში ჩაასახლა. უხვად მისცა სარჩო და უთხოვა მრავალი ცოლი.
Next