Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი (იგი პირმშო იყო, მაგრამ როცა მამის სარეცელი წაბილწა, მისი პირმშოობა გადაეცა იოსებს, ისრაელის ძეს, არა იმისათვის რომ პირმშოდ ჩაწერილიყო.
2იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებს ეკუთვნოდა).
3რეუბენის, ისრაელის პირმშოს ძენი: ხანოქი, ფალლუ, ხეცრონი და ქარმი.
4იოელის ძენი: მისი ძე შემაყია, მისი ძე გოგი, მისი ძე შიმაყი,
5მისი ძე მიქა, მისი ძე სერაია, მისი ძე ბაცალი,
6მისი ძე ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფემ, თიგლათ-ფილნესერმა. ის იყო რეუბენიანთა წინამძღოლი.
7მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი: იეყიელი, ზექარია,
8ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში.
10საულის დროს აგარიანებს ეომებოდნენ და მათ ხელში ჩაცვივდნენ. დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ, ბაშანის ქვეყანაში, სალქამდე.
12უფროსი იოელი, მომდევნო შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13მათი მოძმენი, თავ-თავიანთი მამისსახლებიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებედი და შიბყა.
14აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძის, გილყადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა.
15ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა - მათი მამისსახლის თავკაცი.
16ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში, ვიდრე გამოვიდოდნენ.
17ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის დროს და იარბეყამ ისრაელის მეფის დროს.
18რეუბენიანებში, გადიანებში და მენაშეს ტომის ნახევარში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით ორმოცდაოთხიათას შვიდას სამოცნი გამოდიოდნენ საომრად.
19აგარიანებთან, იატურთან, ნაფიშთან და ნოდაბთან ჰქონდათ ომი.
20მიეხმარნენ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ ხელში ჩაცვივდნენ აგარიანები მთელი მათი საბადებლითურთ. ეს იმიტომ, რომ ომში ღმერთს მოუხმეს. მანაც უსმინა მათ, რაკი მისი იმედი ჰქონდათ.
21წამოასხეს მათი საქონელი: ორმოცდაათიათასი აქლემი, ორასორმოცდაათიათასი ცხვარი, ორი ათასი ვირი და ასი ათასი სული ტყვე.
22მრავალი მოკლული დაეცა, რადგან ღვთისაგან იყო ეს ომი. მკვიდრობდნენ ისინი ამ ადგილებზე, სანამ ტყვეობაში მოხვდებოდნენ.
23მენაშეს ტომის ნახევარიც დასახლდა იმ ქვეყნად, დაწყებული ბაშანიდან ვიდრე ბაალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24აჰა, მათი მამისსახლის თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი - მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლთა სახელოვანი თავკაცები.
25მათ ზურგი აქციეს მამა-პაპის ღმერთს და გზააბნეულნი გაჰევნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა.
26ისრაელის ღმერთმა აღძრა აშურის მეფის, ფულის, სული და აშურის მეფის, თიგლათ-ფილნესერის, სული და გაასახლა რეუბენიანები, გადიანები და მენაშეს ტომის ნახევარი. ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, მდინარე გოზანთან, სადაც დღემდე არიან.
Next