თავი - 22
Previous1თქვა დავითმა: აჰა, უფლის, ღვთის სახლი და აღსავლენის სამსხვერპლო ისრაელისათვის.
2ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომელნიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვები დაეთალათ.
3დავითმა დიდძალი რკინა გაიღო კარიბჭის ლურსმებისა და კაუჭების დასამზადებლად. ხოლო დახარჯულ სპილენძს ხომ წონა არ ჰქონდა.
4არც კედარის ძელებს ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელებსა და ტვიროსელებს მოჰქონდათ დავითისთვის.
5თქვა დავითმა: ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს გავუმზადებ მას. სიკვდილის წინ დავითმა მოამარაგა იგი.
6დაუძახა თავის ძეს, სოლომონს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის, სახლის აგება უანდერძა.
7უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: შვილო, გულით მეწადა უფლის, ღმერთის სახელისთვის სახლი ამეგო.
8და იყო უფლის სიტყვა ჩემს მიმართ თქმული: ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე.
9აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ, ვინაიდან სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
10ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, მის სამეფო ტახტს სამარადისოდ განვამტკიცებ ისრაელში.
11ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა შენზე.
12უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება და დაგაყენოს ისრაელზე უფლის, ღმერთის რჯულის დასაცავად.
13მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისთვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შიშობ და ნუ თრთი.
14აჰა, ჩემს სიღარიბეში უფლის სახლისათვის მოვიმარაგე ასიათასი ქანქარი ოქრო, ათასი ათასი ქანქარი ვერცხლი, სპილენძსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც მოვიმარაგე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
15ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის მცოდნენი.
16ოქროს, ვერცხლს, სპილენძს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.
17ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს.
18განა თქვენთან არ არის უფალი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში აყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე.
19ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთა უფლის, ღმერთის საწმიდრის მშენებლობა, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადააბრძანოთ.
Next