თავი - 21
Previous1სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.
2უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბერშაბედან დანამდე და მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.
3მიუგო იოაბმა: დაე, რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველანი ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მორჩილნი არ არიან? მაშ, ამას რაღად თხოულობს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს?
4მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა.
5მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი.
6ლევიანები და ბენიამინიანები მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა.
7ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი.
8უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.
9დაელაპარაკა უფალი დავითის მისანს და უთხრა:
10წადი და დავითს უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო.
11მივიდა გადი დავითთან და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,
12სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის ლტოლვილობა შენი მტრისგან და მათ მიერ შენი დევნა, და უფლის ანგელოზი, შემმუსრველი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში.
13უთხრა დავითმა გადს: დამწუხრებული ვარ დიდად. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.
14მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში.
15იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.
16გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ.
17უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად.
18უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.
19წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა.
21მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს.
22უთხრა დავითმა ორნანს: მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი.
23უთხრა ორნანმა დავითს: აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენ მსხვერპლად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი - საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი.
24უთხრა მეფე დავითმა ორნანს: არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს.
25ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს.
26იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.
27უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო.
28იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა პასუხი გასცა მას ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი.
29უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და აღსავლენის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა.
30არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილით იყო დაშინებული.
Next