Eleos

Contents

თავი - 19

Previous
1ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე ნახაშ ყამონის ძე და გამეფდა მისი ძე მის ნაცვლად.
2თქვა დავითმა: წყალობას ვუყოფ ხანუნ ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა. და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო. მივიდნენ დავითის მორჩილნი ყამონიანთა ქვეყანაში.
3უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: ნუთუ მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი ნუგეშისმცემლებს? იქნებ იმისთვის გამოგზავნა დავითმა თავისი მორჩილნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?
4შეიპყრო ხანუნმა დავითის მორჩილნი და ნახევარი წვერი მოპარსა, წელამდე შემოაჭრა ნახევარი სამოსელი და გაისტუმრა.
5და წავიდნენ. შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი. გაგზავნა კაცები მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ. უთხრა მეფემ: იერიქონში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.
6დაინახეს ყამონიანებმა, რომ თავი შეაძულეს დავითს. გაგზავნეს ხანუნმა და ყამონიანებმა ათასი ქანქარი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარელი არამელებისგან და მაყაქასა და ცობას არამელებისგან.
7იქირავეს ოცდათორმეტი ათასი ეტლი და მაყაქას მეფე თავისი ხალხით. მოვიდნენ და მედიბას წინ დაბანაკდნენ. ყამონიანები კი ერთად შეიყარნენ და საომრად გამოემართნენ.
8შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
9გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საბრძოლველად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ მინდორში.
10როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანებში ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
11დანარჩენი ხალხი თავის ძმას, აბეშაის ჩააბარა და მანაც დააწყო იგი ყამონიანთა წინააღმდეგ.
12თქვა: თუ არამელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
13გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი სალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. უფალმა ქმნას, რაც ენებოს.
14გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საბრძოლველად და უკუიქცნენ არამელები.
15როცა ყამონიანებმა დაინახეს, რომ გარბოდნენ არამელები, თავადაც გაექცნენ აბეშაის და ქალაქში შეცვივდნენ. იოაბი გაეცალა ყამონიანებს და მივიდა იერუსალიმში.
16დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან, კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადარყეზერის სარდალი შოფეხი.
17შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი, გადალახა იორდანე, მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას.
18გაექცნენ არამელები ისრაელს. დავითმა არამელებს დაუხოცა შვიდი ათასი ეტლოსანი და ორმოცი ათასი ქვეითი. მათი სარდალი შოფეხიც მოკლულ იქნა.
19როცა ჰადარყეზერის მორჩილთა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. ვეღარ გაბედეს არამელებმა ყამონიანთა დახმარება.
Next