Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
2დაამარცხა მოაბიც. შეიქნა მოაბი დავითის მორჩილი და მოხარკე.
3დაამარცხა დავითმა ჰადარყეზერი, ცობას მეფე ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა.
4წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი ცხენოსანი და ოციათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს ძარღვები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი ეტლი დაიტოვა მათგან.
5მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადარყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან ოცდაორიათას კაცს.
6დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და შეიქნენ არამელები დავითის მორჩილნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.
7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა სპილენძის საბანელი, ბოძები და სპილენძის ჭურჭელი.
9შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს.
10და გაგზავნა თავისი ძე ჰადორამი მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ჰადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
11მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონიანებს, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
12აბეშაი ცერუიას ძემ თვრამეტი ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე.
13დააყენა ედომში ხელისუფალნი და შეიქნა მთელი ედომი დავითის მორჩილი. ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
14მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ერს.
15იოაბ ცერუიას ძე ჯარს სარდლობდა; ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე მემატიანე იყო.
16ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო სერაია მწერალი იყო.
17ბენიაჰუ იეჰოდაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებს გამგებლობდა, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
Next