Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1აიშენა მან სახლები დავითის ქალაქში, ადგილი მოამზადა ღვთის კიდობნისთვის და კარავი გაშალა.
2მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ზიდოს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის სატარებლად და სამარადისო მსახურებად.
3შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4შეყარა დავითმა აარონიანები და ლევიანები.
5კეჰათიანთაგან: სარდალი ურიელი და მისი მოძმენი - ასოცი კაცი.
6მერარიანთაგან: სარდალი ყასაია და მისი მოძმენი - ორასი კაცი.
7გერშომიანთაგან: სარდალი იოელი და მისი ძმები - ასოცდაათი კაცი.
8ელიცაფანიანთაგან: სარდალი შემაყია და მისი მოძმენი - ორასნი.
9ხებრონიანთაგან: სარდალი ელიელი და მისი მოძმე - წინწილებს ახმიანებდნენ.
10ყუზიელიანთაგან: სარდალი ყამინადაბი და მისი მოძმენი - თორმეტნი.
11მოუხმო დავითმა ცადოკსა და აბიათარს, მღვდლებსა და ლევიანებს - ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს, ყამინადაბს
12და უთხრა: თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლების თავკაცები. განიწმიდენით თქვენ და თქვენი მოძმენი და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილას.
13რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხბოდით მას.
14განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი.
15ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები უფლის სიტყვისამებრ, კეტებით მხრებზე შეიდგეს.
16დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით, წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
17ლევიანებმა დააყენეს: ჰიმან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიაჰუს ძე, ხოლო მათი მოძმეების, მერარის ძეთაგან ეთან კუშიაჰუს ძე.
18მათთან ერთად მათი მოძმენი, მეორეხარისხისანი: ზაქარიაჰუ, ბენი, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუზი, ელიაბი, ბენიაჰუ, მაყასიაჰუ, მათითიაჰუ, ელიფელეჰუ, მიკნეჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი - კარისმცველნი.
19მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი სპილენძის წინწილებს ახმიანებდნენ.
20ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასიაჰუ და ბენიაჰუ ქნარს ქალწულურ ჰანგზე.
21მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა სიმიანს, სალოტბაროდ.
22ქენანიაჰუ, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.
23ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.
24მღვდლები შებანიაჰუ, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასა, ზაქარიაჰუ, ბენიაჰუ და ელიყაზარი საყვირს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
25და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსაბრძანებლად ყობედ-ედომის კარ-მიდამოდან.
26ღვთის შეწევნით, იყო, რომ გადააბრძანეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ხარი და შვიდი ცხვარი შესწირეს.
27დავითს ბისონის მოსასხამი ემოსა, ასევე ყველა ლევიანს, კიდობანს რომ მიაბრძანებდნენ, მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.
28მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
29როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მოხტუნავე და მროკველი მეფე დავითი და დასცინა მას თავის გულში.
Next