თავი - 16
Previous1მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
2მოამთავრა დავითმა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი.
3ჩამოურიგა მთელ ერს, ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის წილობი და თითო ქადა.
4დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
5ასაფი მათი მეთაური იყო, ზაქარია - მისი მომდევნო, იეყიელი, შემირამოთი, იეჰიელი, მათითია, ელიაბი, ბენიაჰუ, ყობედ-ედომ და იეყიელი ბობღნებსა და ქნარებზე იყვნენ. ხოლო ასაფი წინწილების დამკვრელი იყო.
6მღვდლები: ბენიაჰუ და იახაზიელი საყვირებით მუდამ უფლის აღთქმის კიდობნის წინ იდგნენ.
7იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით:
8ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
9უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
10დაიკვეხნეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა.
11ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
12გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
13შთამომავალნო აბრაამისა, მისი რჩეულისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
14ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
15გახსოვდეთ საუკუნოდ აღთქმა მისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობის მიმართ,
16რომელიც დაუდო აბრაამს, და მისი ფიცი ისაკთან,
17და რაც დაუდგინა იაკობს წესად და ისრაელს - საუკუნო აღთქმად.
18უთხრა: შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.
19როცა ცოტანი იყავით, მცირერიცხოვანნი და იქ შეხიზნულნი,
20იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან - სხვა ერთან,
21არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და აფრთხილებდა მათ გამო მეფეებს:
22არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეგყველებს არ უბოროტოთ.
23უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ახარებდეთ დღითიდღე მისმიერ ხსნას.
24მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები.
25რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის.
26რადგან ხალხთა ყველა ღმერთი - კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შეჰქმნა.
27მშვენიერება და ბრწყინვალება მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
28შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
29შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა, წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
30ძრწოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! ხომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
31გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: უფალი მეფობს!
32იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა.
33მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი, რადგან მოვა ქვეყნიერების განსასჯელად.
34აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
35და თქვით: გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნოთ შენი ქება-დიდებით.
36კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. და მიუგო ერმა: ამენ! ქება უფალს!
37დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე დატოვა ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდამ, ყოველდღიურად,
38და ყობედ-ედომი და მისი ძმები - სამოცდარვა. ყობედ-ედომ იედუთუნის ძე და ხოსა კი კარისმცველებად,
39მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გაბაონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
40რომ მუდამ, დილა-საღამოობით, აღსავლენი აღევლინათ უფლისათვის აღსავლენის სამსხვერპლოზე და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
41მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
42მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი კარიბჭესთან.
43ყველანი თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.
Next