თავი - 13
Previous1ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და წინამძღოლებს.
2უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: თუ თქვენ თანახმა იქნებით და თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის ნება იქნება, ხალხი გავუგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებს, მღვდლებს, ლევიანებს მათ შემოგარენ ქალაქებში, რათა შემოგვიერთდნენ.
3და ჩვენთან გადმოვაბრძანოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.
4მიუგო მთელმა კრებულმა: დაე, ასე იყოს, ვინაიდან ეს საქმე მოსაწონია ხალხის თვალში.
5შეყარა დავითმა მთელი ისრაელი. ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსაბრძანებლად.
6ავიდა დავითი და მთელი ისრაელი ბაყალთაში, კირიათ-იეყარიმში, იუდას რომ ეკუთვნის, რათა იქიდან წამოებრძანებინათ კიდობანი ღვთისა, ქერუბიმებზე მჯდომარე უფლისა, რომელიც ამ სახელით იწოდება.
7დაასვენეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოაბრძანეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და ახიო მიჰყვებოდნენ.
8დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალ-ღონით; მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
9როცა ქიდონის კალოსთან მივიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან კინაღამ გადმოაგდეს ხარებმა.
10აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის წაშველების გამო. და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
11შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
12ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
13არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისთან მიტანა დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გადაახვევინა.
14სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გეთელი ყობედედომის კარმიდამოში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის კარმიდამო, და მთელი მისი საბადებელი.
Next