Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა იგი ჯერ კიდევ საულ კიშის ძეს ემალებოდა, ისინი ომში შემწე მოყმეთა შორის იყვნენ,
2მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, მარჯვენა-მარცხენით ქვისა და მშვილდ-ისრის მსროლელნი, საულის ძმათაგანნი, ბენიამინიდან:
3მეთაური ახიყეზერი და იოაში - შემაყა გიბყათელის ძენი, იზიელი და ფელეტი - ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ ყანათოთელნი,
4იშმაყია გაბაონელი, ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბედ გედერათელი,
5ელყუზაი, ირიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ, შეფატიაჰუ ხარუფელი,
6ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი, იოყეზერი, იაშაბყამი - კორახელნი,
7იოყელა და ზებადია - იეროხამ გედორელის ძენი.
8გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან უდაბნოს საფარში მივიდნენ მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი.
9მეთაური ყეზერი, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი,
10მეოთხე - შიშმანა, მეხუთე - იერემია,
11მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი,
12მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი,
13მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
14ესენი იყვნენ გადის ძეთაგანნი, მხედრობის მეთაურნი. ყველაზე ნაკლები ერთი ასს უმკლავდებოდა და ყველაზე დიდი - ათასს.
15მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდიოდა. მათ აღმოსავლეთითა და დასავლეთით განდევნეს ამ ველის მკვიდრნი.
16ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მოვიდნენ დავითთან საფარში.
17გამოეგება მათ დავითი, გამოელაპარაკა და უთხრა: თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოსულხართ ჩემთან, გიერთგულებთ; თუ იმისთვის მოხვედით, რომ ჩემი მტრის ხელში მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.
18მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური და თქვა: მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთა, რადგან ღმერთია შენი შემწე. მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.
19მენაშესგანაც მიემხრნენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი: თქვეს, ჩვენდა საზიანოდ თავის ბატონ საულს მიემხრობაო.
20როდესაც ციკლაგს მივიდა, მენაშესგან შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიაჰუ, ცილათი - მენაშელთა ასისთავები.
21ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და ჯარის მეთაურები იყვნენ.
22დღიდან დღემდე მიედინებოდნენ დავითთან და ეხმარებოდნენ, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით არ გაიზარდა.
23აჰა, რიცხვი საომრად შეჭურვილ მეთაურთა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ, საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
24იუდიანები, ფარ-შუბის მტვირთველნი, ექვსიათას რვაასნი იყვნენ, საომრად აღჭურვილნი.
25სიმონიანთაგან შვიდიათას ასი მამაცი მოყმე იყო.
26ლევიანთაგან - ოთხიათას ექვსასი.
27ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან სამიათას შვიდასი ახლდა.
28ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
29საულის ძმები ბენიამინიანთაგან სამიათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.
30ეფრემიანები ოციათას რვაასნი იყვნენ - მამაცი მოყმენი და მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.
31მენაშეს ტომის ნახევრიდან თვრამეტი ათასნი იყვნენ, რომელნიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ.
32ისაქარიანთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით იქცეოდა.
33ზაბულუნიდან საბრძოლველად გამოდიოდნენ და საომრად იყვნენ დარაზმულნი ყველანაირი საბრძოლო აღჭურვილობით ორმოცდაათი ათასი, რათა უორგუღოდ დახმარებოდნენ.
34ნაფთალიდან ათასი სარდალი იყო, ოცდაჩვიდმეტი ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით.
35დანიდან იყვნენ ოცდარვაათას ექვსასნი, საომრად დარაზმულნი.
36აშერიდან საბრძოლველად ორმოცი ათასი საომრად დარაზმული გამოდიოდა.
37იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიდან, გადიდან და მენაშეს ტომის ნახევრიდან ყველანაირ საბრძოლო საჭურველით - სულ ასოცი ათასი.
38ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებღად.
39სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ. ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მათთვის მოემზადებინათ.
40ასევე მათ მეზობლებს, ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: ფქვილეული, ლეღვი, ჩირი, ღვინო, ზეთი, უამრავი ხარ-ძროხა და ცხვარი. ეს იმიტომ, რომ სიხარული იყო ისრაელში.
Next