თავი - 11
Previous1მოვიდნენ ისრაელიანები დავითთან ხებრონს და უთხრეს: აჰა, შენი ძვალი და ხორცი ვართ.
2გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი. უფალმა, შენმა ღმერთმა გითხრა: შენ დამწყემსავ ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნები ჩემი ერის, ისრაელის მთავარი.
3მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონს და შეჰკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე და სცხეს ისრაელის მეფედ დავითი, უფლის სიტყვის თანახმად, სამუელის ხელით.
4გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანებმა იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი - იმ ქვეყნის მკვიდრნი.
5უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს, აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე. ეს არის დავითის ქალაქი.
6თქვა დავითმა, ვინც ყველაზე უწინ შემუსრავს იებუსელთ, ის გახდებაო თავკაცი და სარდალი. ყველაზე უწინ იოაბ ცერუიას ძე ავიდა და გახდა სარდალი.
7დადგა დავითი ციხე-სიმაგრეში, ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
8მან შემოაშენა ქალაქი გარშემო, მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი ძველი ქალაქი აღადგინა.
9სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი მასთან იყო.
10აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
11აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშაბყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი; მან თავისი შუბის ერთი მოქნევით სამასი კაცი მოკლა.
12მას შემდეგ ელეზარი ძე დოდოსი, ახოხელი, ერთერთი იმ სამ მოყმეთაგანი.
13იგი დავითს ახლდა ფას-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ (იყო იქ ყანის ნაკვეთი, სადაც ქერი ეთესა) და უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან.
14ისინი ჩადგნენ შუა ყანაში, დაიცვეს იგი და მუსრი გაავლეს ფილისტიმელებს. მაშინ დიდი ხსნა მოუტანა მათ უფალმა.
15ოცდაათი თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
16მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა ყარაული ბეთლემში იდგა.
17ინება დავითმა და თქვა: ვინ დამალევინებს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?
18გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მოუტანეს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა.
19თქვა: შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმე! ნუმც დამელიოს ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ! აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
20აბშაი, იაბის ძმა, ამ სამის უფროსი იყო. მან სამას კაცს მოუქნია შუბი და განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ სამში.
21ამ სამზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ პირველ სამს ვერ უტოლდებოდა.
22ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მქმნელი, კაბცეელიდან. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლიან დღეს.
23მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა; შუბი ისე ეჭირა ეგვიპტელს ხელში, როგორც ფეიქარს საქსოვი ლილვი. ჩაუხტა კეტით, ხელიდან გამოსტაცა ეგვიპტელს შუბი და მისივე შუბით განგმირა.
24ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა სამ მოყმეს შორის.
25ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ სამს ვერ უტოლდებოდა. თავის მცველთა მეთაურად დანიშნა იგი დავითმა.
26მებრძოლთა მეთაურნი იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანან დოდოს ძე, ბეთლემელი,
27შამოთ ჰაროლელი, ხალეც ფელონელი,
28ყირა ყიკეშის ძე, თეკოყელი, აბიყეზერ ყანათოთელი,
29სიბქაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი,
30მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი,
31ითაი რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფარყათონელი,
32ხურაი ნახალე-გაყასელი, აბიელ ყარბათელი,
33ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი.
34ჰაშემ გიზონელის ძენი: იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
35ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე,
36ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი,
37ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე,
38იოელი, ნათანის ძმა, მიბხარ გერის ძე,
39ცელეკ ყამონელი, ნახრაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
40ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
41ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე.
42ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენიანთა თავკაცი და ოცდაათი მასთან ერთად.
43ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი,
44ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეთიელი - ხოთამის ძენი, ყაროყერელნი.
45იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა თიციელი,
46ელიელ მახაველი, ირიბაი, იოშავია - ელნაყარის ძენი და ითმა მოაბელი.
47ელიელი, ყობედ და იაყისელ მეცობაელნი.
Next