თავი - 10
Previous1გაუმართეს ბრძოლა ფილისტიმელებმა ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს. გილბოაყის მთაზე ეცემოდნენ დახოცილნი.
2მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს ფილისტიმელებმა იონათანი, აბინადაბი და მალქიშუაყი - საულის შვილები.
3გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
4ურხრა საულმა თავის საჭურველთმტვირთველს: იშიშვლე მახვილი და გამიყარე, იმ წინადაუცვეთელებმა რომ არ შეურაცხმყონ. ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო მახვილი და ზედ დაეგო.
5როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
6ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟიშვილი და მთელი მისი სახლი.
7როდესაც ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და დაიხოცნენ საული და მისი ვაჟიშვილები, დადაგეს ქალები და გადაიხვეწნენ. მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი სამი ვაჟიშვილი,
9გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა მთელი ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი საკერპოებისთვის და ხალხისთვის.
10მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დადეს, ხოლო მისი თავისქალა დაგონის სახლზე მიაჭედეს.
11როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
12ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, წამოიღეს საულისა და მისი ვაჟიშვილების გვამები, მოიტანეს იაბეშში და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში, მუხის ქვეშ. მერე შვიდი დღე მარხულობდნენ.
13მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რადგან ღალატობდა იგი უფალს, უფლის სიტყვას არ იცავდა და გამოსაკითხად მესულთანეს მიმართავდა.
14უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს მისცა.
Next