თავი - 9
Previous1მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთ წანასწარმეტყველს და უთხრა: შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთს.
2მიხვალ და მოძებნი იქ იეჰუს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს; მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან.
3აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარს გააღებ, და დაუყოვნებლივ გაიქცევი.
4წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთს.
5მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდლები. უთხრა: სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო. თქვა იეჰუმ: რომელთან ჩვენ შორის? მიუგო: შენთან, სარდალო.
6ადგა და შევიდა სახლში. გადაასხა ზეთი თავზე და ეთხრა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ.
7შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან.
8განადგურდება აქაბის მთელი სახლი, ამოვძირკვავ ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი - ყმა და აზატი ისრაელში.
9გადავაქცევ აქაბის სახლს იერობოამ ნაბატის ძის სხლად და ბაყაშა ახიას ძის სახლად.
10იზებელს ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი. გააღო კარი და გაიქცა.
11გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მორჩილებთან და უთხრეს: ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი? მიუგო: თქვენ იცით მაგ კაციც და მისი ნალაპარაკევიც.
12თქვეს: ტყუილია. გვითხარი. თქვა. ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ.
13მყისვე დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ხედ საფეხურებზე დაუფინეს; ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდა იეჰუ.
14შეთქმულება მოაწყო იეჰუმ, იოშაფატ ნიმშის ძის ძემ, იორამის წინააღმდეგ. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გალაადის რამოთში.
15თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში განეკურნა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელ არამის მეფესთან ბრძოლის დროს. თქვა იეჰუმ: თუ თანახმა ხართ, ნურავის გავუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად.
16ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორმის სანახავად.
17ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში, დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: ჯარს ვხედავ. თქვა იორამმა: აიღე და გააგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ხომ მშვიდობაა-თქო.
18წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობა არისო? მიუგო იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდებაო.
19გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: ასე ამბობს მეფე: მშვიდობა არისო? თქვა იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი.
20შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა.
21თქვა იორამმა: შემიკაზმეთ. შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზია იუდას მეფე თავ-თავისი ეტლებით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის ნაკვეთზე.
22როცა დაინახა იორამმა იეჰუ, უთხრა: ხომ მშვიდობაა, იეჰუ? მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?
23უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა. უთხრა ახაზიას: ღალატია, ახაზია!
24მოზიდა შვილდს იეჰუმ, ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა.
25უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში; გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა.
26განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ.
27ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბაალის სახლისკენ გაიქცა. გაეკიდა იეჰუ და დაიძახა: მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე. დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან; მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა.
28წაასვენეს მისმა მორჩილებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში.
29იორამ აქაბის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში.
30მივიდა იეჰუ იზრეყელში და როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში.
31შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ჰკითხა იზებელმა: ხომ მშვიდობაა, ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელო?
32აჰხედა იეჰუმ სარკმელს და დაიძახა: ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ? და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა.
33უთხრა: გადმოაგდეთ! გადმოაგდეს და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს, და გადათელეს იგი.
34მივიდა, ჭამა და სვა, თქვა: მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია.
35წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი.
36დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იეჰუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მორჩილის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს.
37იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იზებელი.
Next