თავი - 8
Previous1ასე უთხრა ელისემ ქალს, შვილი რომ გაუცოცხლა: ადექი და წადი შენი სახლითურთ და დადექი სადმე მდგმურად, სადაც შეგეძლება, რადგან მოუხმო უფალმა შიმშილობას და მოვიდა კიდეც ქვეყანაზე შვიდი წლით.
2ადგა ის ქალი და ღვთისკაცის სიტყვისამებრ მოიქცა: წავიდა თავისი სახლითურთ და შვიდ წელიწადს მდგმურობდა ფილისტიმელთა ქვეყანაში.
3შვიდი წლის თავზე დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მივიდა მეფესთან თავისი სახლკარისა და ყანის გამოსათხოვად.
4ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა, მომიყევი ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.
5ისიც უყვებოდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი და სწორედ მაშინ მივიდა მეფესთან ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, თავისი სახლ-კარისა და ყანის სათხოვნელად. თქვა გეხაზიმ: მეფევ-ბატონო! ის ქალია! ამის შვილია, ელისემ რომ გააცოცხლა!
6გამოჰკითხა მეფემ ქალს და მანაც უამბო. მიუჩინა მას მეფემ ერთი კარისკაცი და უთხრა: დაუბრუნეთ მისი საბადებელი და მთელი მოსავალი იმ დღიდან, რაც ქვეყანა მიატოვა, დღემდე.
7მივიდა ელისე დამასკოში, როცა ავად იყო ბენ-ჰადადი, არამის მეფე. მოახსენეს და უთხრეს, ღვთისკაციაო მოსული.
8უთხრა მეფემ ხაზაელს: აიღე ხელში ძღვენი და შეეგებე ღვთისკაცს; უფალთან აკითხინე, განვიკურნები თუ არა ამ სენისგან?
9წავიდა ხაზაელი მისაგებებლად; ხელში აიღო ძღვენი და ყველაფერი, რაც საუკეთესო იყო დამასკოში, ორმოცი აქლემის ტვირთი; მივიდა, წარუდგა მას და თქვა: შენმა შვილმა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, გამომგზავნა შენთან საკითხავად, განვიკურნები თუ არა ამ სენისგანო?
10უთხრა ელისემ: წადი და უთხარი: განიკურნები-თქო. მაგრამ გამომიცხადა უფალმა, რომ მაინც მოკვდება.
11გააშტერა ელისემ სახე და უყურებდა, ვიდრე არ შერცხვა მას. მერე ატირდა ღვთისკაცი.
12თქვა ხაზაელმა: რატომ სტირი, ბატონო? მიუგო: იმიტომ, რომ ვიცი, თუ რა ბოროტებას უზამ ისრაელიანებს: ცეცხლს მისცემ მათ ციხე-სიმაგრეებს, მახვილით ამოხოცავ მათ ჭაბუკებს, გასრეს მათ თოთო ბავშვებს და შუაზე გაკვეთ მათ ორსულ ქალებს.
13თქვა ხაზაელმა: ვინ ძაღლი გდია შენი მორჩილი, რომ ასეთი დიდი საქმე გააკეთოს? მიუგო ელისემ: შენი თავი მახილვინა უფალმა არამის მეფედ.
14წავიდა ელისესგან და მივიდა თავის ბატონთან. ჰკითხა: რა გითხრა ელისემ? თქვა: მითხრა, რომ გამოჯანმრთელდები.
15აიღო მეორე დღეს საბანი ხაზაელმა, წყალში დაასველა და სახეზე დაადო მას. მოკვდა ბენ-ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად ხაზაელი.
16ისრაელის მეფის იორამ აქაბის ძის მეხუთე წელს, იუდას შვილის იოშაფატის შემდეგ გამეფდა იორამ იოშაფატის ძე, იუდას მეფე.
17ოცდათორმეტი წლისა იყო, როცა გამეფდა, და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
18ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, როგორც იქცეოდა აქაბის სახლი, რადგან აქაბის ასული ჰყავდა ცოლად და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში.
19მაგრამ არ უნდოდა უფალს იუდას დაღუპვა დავითის, თავისი მორჩილის გამო, როგორც შეპირებული იყო, რომ მისცემდა ლამპარს მას და მის შთამომავალთ სამარადისოდ.
20მის დროს განუდგა ედომი იუდას და დაისვეს მეფე.
21გაემართა იორამი ცაყირისკენ მთელი თავისი ეტლებითურთ, ადგა ღამით და სძლია ედომელებს, გარს რომ ეხვივნენ, და ეტლის მეთაურებს, მაგრამ გაიქცა ხალხი თავ-თავის კარვებში.
22განუდგა ედომი იუდას და ასეა დღემდე. იმ ხანადვე განდგა ლიბნაც.
23იორამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
24განისვენა იორამმა თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავის მამა-პაპის გვერდით დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე ახაზია გამეფდა.
25ისრაელის მეფის, იორამ აქაბის ძის მეთორმეტე წელს გამეფდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე.
26ოცდაორი წლისა იყო ახაზია, რომ გამეფდა, და ერთი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო ღოთოლია, ისრაელის მეფის, ყომრის ასული.
27აქაბის სახლის გზით დადიოდა იგი და უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც აქაბის სახლი, რადგან აქაბის სახლის სიძე იყო.
28წავიდა იორამ აქაბის ძე ხაზაელთან, არამის მეფესთან საომრად გალაადის რამოთში და დაჭრეს არამელებმა იორამი.
29მობრუნდა იორამ მეფე, რომ იზრეყელში ემკურნალა ჭრილობისთვის, არამელებმა რომ მიაყენეს რამოთში, როცა ხაზაელს, არამის მეფეს, ეომებოდა. ჩამოვიდა ახაზია იორამის ძე, იუდას მეფე, იზრეყელში იორამ აქაბის ძის სანახავად, რადგან ავად იყო იგი.
Next