Eleos

Contents

თავი - 7

Previous
11. თქვა ელისემ: ისმინეთ უფლის სიტყვა. ასე ამბობს უფალი: ხვალ ამ დროს ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი სამარიის კარიბჭესთან.
2მიუგო ღვთისკაცს კარისკაცმა, რომლის მკლავს ეყრდნობოდა მეფე, და უთხრა: აჰა, სარკმელებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? თქვა ღვთისკაცმა: აჰა: შენი თვალით იხილავ, მაგრამ ჭამით ვერ შეჭამ.
3ოთხი კეთროვანი იჯდა კარიბჭის შესასვლელთან და ეუბნებოდა ერთმანეთს: რისთვის ვსხედვართ აქ და ველოდებით სიკვდილს?
4თუ ქალაქში წასვლას დავაპირებთ, შიმშილობაა ქალაქში და იქ დავიხოცებით. თუ აქ დავრჩებით, მაინც დავიხოცებით. მოდით, ავდგეთ და არამელთა ბანაკში ჩავიდეთ. თუ ცოცხალი დაგვტოვეს, ხომ კარგი; თუ დაგვხოცეს, დავიხოცოთ.
5ადგნენ ბინდბუნდში, რომ არამელთა ბანაკში წასულიყვნენ. მიადგნენ არამელთა ბანაკს და, აჰა, კაციშვილი არ იყო იქ.
6უფალს ჩაუსმენია არამელთა ბანაკისთვის ეტლებისა და ცხენების ხმაური და დიდძალი ჯარის ყიჟინა. უთქვამთ ერთმანეთისთვის: ჩვენს წინააღმდეგ დაიქირავა ალბათ ისრაელის მეფემ ხეთელთა და ეგვიპტელთა მეფეები და დაგვესხნენ თავს.
7ამდგარან და გაქცეულან დილის ბინდბუნდში, მიუგოვებიათ კარვები, ცხენები და სახედრები, მთელი ბანაკი ხელუხლებლად, და გაქცეულან თავის გადასარჩენად.
8მიადგნენ ეს კეთროვანები ბანაკის კიდეს და შევიდნენ ერთ კარავში. ჭამეს, სვეს, აიღეს იქიდან ოქრო-ვერცხლი და ტანისამოსი, წამოიღეს და დამალეს. მობრუნდნენ, სხვა კარავში შევიდნენ, იქიდანაც წამოიღეს და დამალეს.
9უთხრეს ერთმანეთს: ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. ეს დღე ხარების დღეა. თუ გავჩუმდით და დილამდე ვიცადეთ, ბრალს დაგვდებენ. წამო, წავიდეთ და მეფის სახლს შევატყობინოთ.
10მივიდნენ, გამოიძახეს კარიბჭის მცველი და უამბეს: არამელთა ბანაკში მივედით, კაციშვილი არ იყო იქ, ადამიანის ხმა არ ისმოდა, მხოლოდ ცხენები და სახედრები დაგვხვდა დაბმული და კარვები ხელუხლებლად.
11დაუძახა მცველებს და მათაც მიიტანეს ამბავი მეფის სახლში.
12ადგა ღამით მეფე და უთხრა თავის მორჩილთ: გეტყვით, რას გვიპირებენ არამელები. იციან, რომ ვშიმშილობთ. ბანაკიდან გავიდნენ, რომ ველზე ჩაგვისაფრდნენ; ფიქრობენ, ქალაქიდან გავალთ თუ არა, ცოცხლად შეგვიპყრან და ქალაქში შემოიჭრან.
13მიუგო ერთმა მორჩილთაგანმა და თქვა: გამოიყვანონ ხუთი ცხენი ქალაქში დარჩენილთაგან (აჰა, ისინი იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, ქალაქში რომ დარჩა; აჰა, იქნებიან მთელი ისრაელის სიმრავლესავით, რომელიც დაილია), გავგზავნით და ვნახოთ.
14გაიყვანეს ცხენიანი ორი ეტლი; გაგზავნა მეფემ არამელთა ლაშქრის კვალზე და დააბარა: წადით და ნახეთ.
15იორდანემდე მიჰყვნენ მათ და, რას ხედავენ, მთელი გზა მოფენილია სამოსელითა და იარაღით, არამელებს რომ დაეყარათ ფაციფუცში. გამობრუნდნენ მოციქულები და მოახსენეს მეფეს.
16გამოეფინა ხალხი და გაძარცვეს არამელთა ბანაკი. ერთი სეა განმტკიცული ფქვილი ერთი შეკელი გახდა, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, უფლის სიტყვისამებრ.
17კარიბჭესთან დააყენა მეფემ კარისკაცი, რომლის მკლავსაც ეყრდნობოდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა, როგორც ნათქვამი ჰქონდა ღვთისკაცს, როცა მასთან მივიდა მეფე.
18ასე უთხრა მაშინ ღვთისკაცმა მეფეს: ერთი სეა გამტკიცული ფქვილი ერთი შეკელი ეღირება, ორი სეა ქერიც - ერთი შეკელი, ხვალ ამ დროს სამარიის კარიბჭესთან.
19მაშინ მიუგო კარისკაცმა ღვთისკაცს და უთხრა: აჰა, სარკმლებიც რომ გააკეთოს უფალმა ცაზე, განა მოხდება ასეთი ამბავი? ღვთისკაცმა თქვა: შენი თვალით იხილავ, ჭამით კი ვერ შეჭამ.
20ასეც აუხდა. გათელა იგი ბრბომ კარიბჭეში და მოკვდა.
Next