Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1უთხრა წინასწარმეტყველთა გუნდმა ელისეს: აჰა, გვევიწროება ეს ადგილი, სადაც შენ წინაშე ვცხოვრობთ.
2იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად. უთხრა: ჩადით.
3თქვა ერთმა: იქნებ შენც წამოგვყვე შენს მორჩილთ. მიუგო: წამოგყვებით.
4და წაჰყვა მათ. ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.
5ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა რკინა. იყვირა: ვაი, ბატონო! ნანათხოვარი იყო!
6თქვა ღვთისკაცმა: სად ჩავარდა? მანაც უჩვენა ადგილი. მოჭრა ხე, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა რკინა.
7თქვა: ამოიღე. მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
8ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მორჩილებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდეთო.
9შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს. მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.
10გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
11შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მორჩილთ და ჰკითხა: არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?
12თქვა ერთ-ერთმა მორჩილთაგან: არავინ, მეფე-ბატონო; ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის. მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საძილე ოთახში ლაპარაკობ.
13თქვა: წადით, და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ. შეატყობინეს, დოთანში არისო.
14გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და, აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. უთხრა ბატონის მსახურმა ბიჭმა: ვაი, ბატონო, რა გვეშველება?
16უთხრა: ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.
17ილოცა ელისემ და თქვა: უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს. აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
18ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
19უთხრა მათ ელისემ: აქ არ არის გზა და არც ქალაქი. წამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ. და წაუძღვა სამარიამდე.
20როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: უფალო! აუხილე თვალი ამათ. აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
21უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: დავხოცო, დავხოცო, მამაო?
22უთხრა: არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი; ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.
23გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს, სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
24ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.
25დიდი შიმშილობა იყო სამარიაში, სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული; სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად გადიოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე - ხუთ ვერცხლად.
26გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: მიშველე, მეფე-ბატონო!
27უთხრა: თუ უფალმა ვერ გიშველა, მე საიდან გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?
28ჰკითხა ქალს მეფემ: რა მოგივიდა? მიუგო: ამ ქალმა მითხრა: მოიტა, დღეს შენი შვილი შევჭამოთ, ხვალ ჩემიო.
29მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. ვუთხარი მეორე დღეს: მოიტა, ახლა შენი შვილი შევჭამოთ-მეთქი. მან კი გადამალა თავისი შვილი.
30როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.
31თქვა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.
32ხოლო ელისე იჯდა თავის სახლში და უხუცესები გვერდით უსხდნენ. გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი. ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!
33ვიდრე მათ ელაპარაკებოდა, აჰა, მოვიდა მოციქულიც. და თქვა ელისემ: აი, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან.
Next