თავი - 10
Previous1სამოცდაათი შვილი ჰყავდა აქაბს სამარიაში. დაწერა იეჰუმ წერილები და დაუგზავნა სამარიაში იზრეყელის მთავრებს, უხუცესებს და აქაბის გამზრდელებს; წერდა:
2როცა მოგივათ ეს წერილი, ხომ თქვენთან იქნებიან თქვენი ბატონიშვილები, თქვენს ხელთ იქნება ეტლები და ცხენები, ციხე-ქალაქი და საჭურველი.
3ჰოდა, ამოარჩიეთ ბატონიშვილებიდან უკეთესი, ვინც თქვენ მოგწონთ, დასვით მამამისის ტახტზე და იბრძოლეთ თქვენი ბატონის სახლისთვის.
4დიდად, დიდად შეშინდნენ და თქვეს: აჰა, ორი მეფე ვერ დაუდგა წინ, ჩვენ როგორღა დავუდგეთ?
5შეუთვალეს იეჰუს სასახლის მოურავმა, ქალაქის განმგებელმა, უხუცესობამ და გამზრდელებმა: შენი მორჩილნი ვართ, როგორც გვიბრძანებ, ისე მოვიქცევით; არავის გავამეფებთ. როგორც გერჩიოს, ისე მოიქეცი.
6მისწერა მათ მეორე წერილი: თუ ჩემიანები ხართ და ჩემს სიტყვას ემორჩილებით, წამოიღეთ თქვენი ბატონიშვილების თავები და ხვალ ამ დროს იზრეყელში გამოცხადდით ჩემთან. უფლისწულები - სამოცდაათი კაცი ქალაქის დიდებულებთან იყვნენ, რომელნიც ზრდიდნენ მათ.
7როცა წერილი მოუვიდათ, გამოიყვანეს უფლისწულები და დახოცეს - სამოცდაათი კაცი; კალათებში ჩააწყვეს მათი თავები და იზრეყელში გაუგზავნეს.
8მივიდა მოციქული და მოახსენა: მოიტანეს უფლისწულთა თავები. თქვა: ორ გროვად დაჰყარეთ კარიბჭის შესასვლელთან.
9დილით გამოვიდა, დადგა და მიმართა მთელს ხალხს: თქვენ უბრალონი ხართ. აჰა, მე ავუჯანყდი ჩემს ბატონს, მე მოვკალი, მაგრამ ესენი ვინ დახოცა?
10ამიერიდან იცოდეთ, რომ უფლის არცერთი სიტყვა, რაც უბრძანებია უფალს, აქაბის სახლზე, ფუჭად არ ჩაივლის. აღასრულა უფალმა, რაც ბრძანა თავისი მსახურის, ელიას პირით.
11ამოხოცა იეჰუმ ვინც კი იყო დარჩენილი აქაბის სახლიდან იზრეყელში, ყველა მისი დიდებული, მისი მახლობლები, მისი მღვდლები; არავინ დარჩენილა მისიანი ცოცხალი.
12ადგა და წავიდა სამარიაში. მწყემსების ბინებთან მისულს, გზაზე
13შეხვდა იეჰუს იუდას მეფის, ახაზიას ძმები და ჰკითხა: ვინა ხართ? მიუგეს: ახაზიას ძმები ვართ. მეფისა და დედოფლის შვილების ამბის გასაგებად მივდივართ.
14თქვა: ცოცხლად შეიპყარით. შეიპყრეს ცოცხლად და ჭასთან დახოცეს, მწყემსთა ბინაში - ორმოცდაორი კაცი. ერთიც არ გადარჩენილა მათგან ცოცხალი.
15წავიდა იქიდან და შეეყარა იონადაბ რექაბის ძეს, რომელიც მის შესახვედრად მოდიოდა, მიესალმა და უთხრა: ისევე წრფელია შენი გული, როგორც ჩემი გული შენდამი? მიუგო იონადაბმა: წრფელია. წრფელია და მომეცი ხელი. მისცა ხელი და მანაც აიყვანა თავის ეტლზე.
16უთხრა: წამომყევი და ნახე ჩემი შური უფლისადმი. და დასვეს ეტლზე.
17მივიდა სამარიას და ამოხოცა ყველა, ვინც კი დარჩენოდა აქაბს სამარიაში; ისე რომ გაანადგურა ყველანი, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს ელიასთვის.
18შეკრიბა იეჰუმ მთელი ერი და გამოუცხადა: ცუდად ემსახურებოდა აქაბი ბაალს. ახლა იეჰუ მოუმატებს სამსახურს.
19ახლა შემიყარეთ ბაალის ყველა ქადაგი, ყველა მისი მსახური და ყველა მისი ქურუმი, კაციშვილი არ აკლდეს, რადგან დიდი მსხვერპლშეწირვა მექნება ბაალისთვის. ვინც დააკლდება, ვერ გადარჩება ცოცხალი. ასეთი ხრიკი მოიგონა იეჰუმ, რომ ამოეწყვიტა ბაალის თაყვანისმცემლები.
20თქვა იეჰუმ: გამოაცხადეთ ბაალის დღესასწაული. და გამოაცხადეს.
21დაგზავნა იეჰუმ მოციქულები მთელს ისრაელში. და მოვიდა ბაალის ყველა მსახური, კაციშვილი არ დარჩენილა მოუსვლელი. შევიდნენ ბაალის სახლში და პირთამდე გაივსო ბაალის სახლი.
22უთხრა მეტანსაცმელეს იეჰუმ: გამოუტანე სამოსელი ბაალის ყველა მსახურს. მანაც გამოუტანა შესამოსელი.
23შევიდა იეჰუ იონადაბ რექაბის ძესთან ერთად ბაალის სახლში და უთხრა ბაალის მსახურებს: მიათვალ-მოათვალიერეთ, არ იყოს თქვენს შორის უფლის მსახურთაგანი ვინმე, რადგან მხოლოდ ბაალის მსახურები უნდა იყოთ აქ.
24შეუდგნენ მსხვერპლშეწირვას და აღსავლენს. გარეთ დააყენა იეჰუმ ოთხმოცი კაცი და უბრძანა: იცოდეთ, თუ ვინმე გადარჩა იმათგან, ვისაც გაბარებთ, მის სულს თქვენ მოგკითხავთ.
25როცა დასრულდა აღსავლენი, უბრძანა იეჰუმ მალემსრბოლებსა და მეთაურებს: წადით და დახოცეთ, არავინ გაგექცეთ. მახვილით დახოცეს და იქვე დაყარეს მალემსრბოლებმა და მეთაურებმა, თავად კი ბაალის სახლის ქალაქისკენ წავიდნენ.
26გამოიტანეს ბაალის სახლიდან ბაალის ქანდაკებები და დაწვეს.
27დაამსხვრიეს ბაალის ქანდაკი, დაანგრიეს ბაალის სახლი და სანაგვე ადგილად აქციეს დღესამომდე.
28ასე გადააშენა იეჰუმ ბაალი ისრაელიდან.
29ოღონდ იერობოამ ნაბატის ძის ცოდვებისთვის, რითაც მან აცთუნა ისრაელი, არ დაუნებებია იეჰუს თავი, და არც ოქროს ხბოებისთვის, ბეთელსა და დანში რომ იყო.
30უთხრა უფალმა იეჰუს: იმის გამო, რომ სწორად მოიქეცი ჩემს თვალში და ყველაფერი აღასრულე აქაბის სახლზე, რაც გულში მქონდა, მეოთხე თაობამდე ისხდებიან შენი შთამომავლები ისრაელის ტახტზე.
31მაგრამ მთელი გულით არ იცავდა იეჰუ უფლის, ისრაელის ღმერთის რჯულს; არ დაუნებებია თავი იერობოამის ცოდვებისთვის, რითაც აცთუნა მან ისრაელი.
32იმ ხანებში დაიწყო უფალმა მიწების ჩამოჭრა ისრაელისთვის; სძლია ისრაელს ხაზაელმა მთელს მის საზღვარზე და წაართვა
33იორდანედან მზის აღმოსავლეთით გალაადის მთელი მხარე, გადის, რეუბენის, მენაშეს მიწები ყარომერიდან დაწყებული, არნონის ხეობაში რომ არის, გალაადი და ბაშანი.
34იეჰუს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გააკეთა, ყველა მისი გმირობა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
35განისვენა იეჰუმ თავის მამა-პაპასთან და დამარხეს სამრიაში. მის ნაცვლად მისი ძე იოახაზი გამეფდა.
36სულ ოცდარვა წელი იმეფა იეჰუმ ისრაელზე სამარიაში.
Next